რა განიხილა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩთან

მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებზე როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

11 წლის გოგონას ნიშნობის საქმე: საქართველოს და აზერბაიჯანის ომბუდსმენები განგაშს ტეხენ

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია, რომელთანაც სამაგალითო მეგობრობასთან ერთად, აკავშირებს საერთო ეკონომიკური და გეოპოლიტიკური ინტერესები.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა სავაჭრო-ეკონომიკურ, სატრანზიტო და სატრანსპორტო სფეროში პარტნიორობის მნიშვნელობას.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალი ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობის პროექტს, რომელიც ხელს შეუწყობს მნიშვნელოვნად დაჩქარდეს და გამარტივდეს საზღვრის კვეთის პროცედურები, გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები.

როგორც აღინიშნა, ორ პარტნიორ უწყებას აქვს შესაძლებლობა, კიდევ უფრო გაფართოვდეს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის არეალი, გაიზარდოს საბაჟო პროცედურების მართვის ეფექტურობა და სხვ.

საქართველო აზერბაიჯანულ ბუნებრივ აირს ფასდაკლებით შეიძენს

საუბარი ასევე შეეხო პანდემიის პირობებში, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის კოორდინაციის საკითხებს, რამაც უზრუნველყო არა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის, არამედ მთლიანად რეგიონში, ტვირთების შეუფერხებელი მიწოდება.

მხარეებმა გამოთქვეს იმედი, რომ ორივე ქვეყანა წარმატებით შეძლებს COVID-19-ის პანდემიის გავლენის შემცირებას და ეკონომიკის აღდგენას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა, საბაჟო დეპარტამენტის უფროსი მამუკა ჯანგულაშვილი.

შეხვედრის დასასრულს ფინანსთა მინისტრმა აზერბაიჯანის ელჩს წარმატებები უსურვა საქმიანობაში და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვა.

აზერბაიჯანი საქართველოს 100 ტონა თხევად ჟანგბადს აჩუქებს

საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ორმხრივ ფორმატშიც და საერთაშორისო პროექტების ფარგლებშიც. ქვეყნები მონაწილეობენ მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.

დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

ყოველწლიურად ვითარდება სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. საქართველოს წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი აზერბაიჯანელი ტურისტი სტუმრობს.