11 წლის გოგონას ნიშნობის საქმე: საქართველოს და აზერბაიჯანის ომბუდსმენები განგაშს ტეხენ

არასრულწლოვანთა ნიშნობის ვიდეომ, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, არა მარტო საზოგადოების ნეგატიური რეაქცია გამოიწვია, არამედ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საბაბი გახდა
Sputnik

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. თბილისში 11 წლის გოგონას და 15 წლის ბიჭის სავარაუდო ნიშნობის საქმით დაინტერესდა აზერბაიჯანის სახალხო დამცველი საბინა ალიევა, რომელმაც დახმარებისთვის ქართველ კოლეგას, ნინო ლომჯარიას მიმართა.

11 წლის გოგონას შესაძლო ნიშნობის ამსახველი ვიდეომასალით შსს დაინტერესდა

ფონიჭალაში სავარაუდოდ აზერბაიჯანელი ეროვნების მოზარდების სავარაუდო ნიშნობის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში 8 თებერვალს გავრცელდა.

ამ ფაქტით დაინტერესდა აზერბაიჯანის სახალხო დამცველი, რომელმაც საქართველოს სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას ოფიციალურად მიმართა და ამ საქმის მონიტორინგის განხორციელება სთხოვა.

ალიევამ ასევე თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ოპერატიული ზომები ამ ფაქტის გამოძიების მიზნით და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვა უზრუნველყოს.

საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე დაიწყო საკითხის შესწავლა და აღუთქვა კოლეგას, რომ აცნობებს საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ფაქტების შესახებ.

ცალკე გამოძიებას შსს აწარმოებს. უწყებამ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 150-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ქორწინების იძულებას გულისხმობს.