ხანძრის შედეგები ლილოში

ბაზრის დირექტორის განცხადებით, ყველა დამწვარი მაღაზია დაზღვეული იყო და მათ მფლობელებს კომპენსაციას გადაუხდიან.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. ხანძარს, რომელსაც ამ დილით აქრობდნენ მეხანძრეები, თბილისის ყველაზე დიდი ბაზრობისთვის მუშაობის განახლებაში ხელი არ შეუშლია.

როგორც ჟურნალისტებს „ლილო მოლის“ დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ განუცხადა, ცეცხლმა რამდენიმე მაღაზია დააზიანა, მათი საერთო ფართობი 60 კვადრატულ მეტრზე ცოტა მეტს შეადგენს.

დირექტორის თქმით, დამწვარი მაღაზიები დაზღვეულია, შესაბამისად, მოვაჭრეებს ზარალი აუნაზღაურდებათ.

რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. არის ვარაუდი, რომ აალების მიზეზი ელექტროკაბელი გახდა.

საქართველოს ტერიტორიაზე ბაზრობების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის მაჩვენებლის კლების ფონზე საქართველოს მთავრობამ ბაზრობების 8 თებერვლიდან გახსნის გადაწყვეტილება მიიღო.

„ლილოს" ბაზრობაზე ხანძარია

გუშინ მოვაჭრეები ბაზრობაზე იმყოფებოდნენ – გახსნის წინ სავაჭრო ობიექტების მომზადების მიზნით. კვარაცხელია ვარაუდობს, რომ, შესაძლოა, ერთ-ერთს რამის გამორთვა დაავიწყდა. ლილოს ტერიტორიაზე 7 თებერვალს პირველად ჩართეს დენი, დატესტეს და საღამოს გამორთეს. დენი ამ დილით ჩართეს, აღნიშნა ბაზრის დირექტორმა.

ზარალის მასშტაბები ჯერჯერობით უცნობია. ცეცხლს 11 სახანძრო მანქანა აქრობდა.

ხანძარს ლილოში ორი თვის წინაც ებრძოდნენ. მაშინ ცეცხლი სასაწყობე ნაგებობებს მოედო. მეხანძრე–მაშველებს ცეცხლის ჩასაქრობად შვიდი საათი დასჭირდათ. დაიწვა დაახლოებით 1000 კვადრატული მეტრი ფართობი, ხოლო ზარალმა 4,5 მლნ დოლარი შეადგინა.