საქართველოს პარლამენტმა პლენარული კვირის დღის წესრიგი განსაზღვრა

მომდევნო პლენარულ კვირაში პარლამენტი 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილებას მიიღებს. სპიკერს მის მუშაობაში ოპოზიციის ჩართვის იმედი აქვს.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ბიურომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე დადგენილების პროექტი მოიწონა და პლენარული კვირის დღის წესრიგში შეიტანა, ნათქვამია უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

როგორ გამოიძიებს საპარლამენტო კომისია არჩევნებზე მომხდარ დარღვევებს >>

საგამოძიებო კომისიის შექმნა ერთ-ერთი პირობაა, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ოპოზიციას მისცა. უმრავლესობამ პირობა დადო – შეასრულოს ოპოზიციის მოთხოვნა და დანიშნოს ხელახალი საპარლამენტო არჩევნები, თუ ხმების დათვლაში ცდომილება თუნდაც 1%-ს შეადგენს.

„დარწმუნებული ვართ, რომ რადიკალური ოპოზიციის ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არის უსაფუძვლო. დღეს ჩვენ პრინციპულად მზად ვართ და გაგვაჩნია პოლიტიკური ნება, რომ საკითხი ოპოზიციასთან ერთად შევისწავლოთ, მათი პრეტენზიები საგამოძიებო კომისიის ფორმატში გამოვიკვლიოთ და მიუკერძოებელი დასკვნა დავდოთ“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე.

ვინ შევა არჩევნებზე დარღვევების შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში

კომისიის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო. კომისია დადგენილების მიღების შემდეგ ორ კვირაში უნდა შეიქმნას. მასში კვოტებს პროცედურულ საკითხთა კომიტეტი გადაანაწილებს.

„კომისიის საქმიანობის დაწყებამდე პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ოპოზიციასთან კონსულტაციებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს კომისიაში ოპოზიციის მაქსიმალური მონაწილეობა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ბიუროს სხდომაზე განიხილეს, არის კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ დამოუკიდებელ უწყებად გაყოფას – განათლებისა და მეცნიერების და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროებად. ცვლილებების ინიციატორია საქართველოს მთავრობა.

გავრცელებული ინფორმაციით, რეორგანიზაციის შემდეგ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თანამდებობა შესაძლოა ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დაიკავოს. ამჟამად ის პარლამენტის დეპუტატია და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.

თეა წულუკიანი მთავრობაში ბრუნდება? >>

წულუკიანი „ქართული ოცნების“ მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრი იყო. მან მინისტრის პორტფელი 2012 წელს მაშინდელი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტში მიიღო და თანამდებობაზე ყველა სხვა მინისტრზე დიდხანს დარჩა. მან იმუშავა ხუთი პრემიერ-მინისტრის – ბიძინა ივანიშვილის, გიორგი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას დროს.