მეწარმეების სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადების მიღება დაიწყო

სახელმწიფო სპორტულ ობიექტებს, საბავშვო ბაღებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს სესხების პროცენტის სუბსიდირებით ექვსი თვის მანძილზე დაეხმარება.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტომ „აწარმოე საქართველოში“ სპორტულ ობიექტების, საბავშვო ბაღებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების სესხების პროცენტის სუბსიდირებისთვის განაცხადების მიღება დაიწყო, ნათქვამია უწყების გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

სესხების პროცენტის სუბსიდირებაზე განაცხადის მიღება წარმოებს სააგენტოს პროგრამების „თანადაფინანსების მექანიზმი საბავშვო ბაღების ხელშეწყობისთვის“ და „თანადაფინანსების მექანიზმი სპორტული ობიექტების ხელშეწყობისთვის“ ფარგლებში.

მორიგი ცვლილებები პროგრამაში „აწარმოე საქართველოში“: ვის ეხმარება ამჯერად სახელმწიფო

სპორტული ობიექტების შემთხვევაში პროგრამა მოიცავს ფიტნეს-ცენტრებს, საცურაო აუზებს, სპორტულ მოედნებს, სპორტულ დარბაზებს.

ამ სახელმწიფო პროგრამების მიზანია ახალი კორონავირუსის (COVID-19) პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეებიდან გამომდინარე სპორტული ობიექტების და საბავშვო ბაღების სფეროებში მოქმედი იმ მეწარმე სუბიექტების მიერ კომერციულ ბანკში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ლიზინგის გამცემთან აღებული სესხების, მიკროსესხების, სალიზინგო პროექტის სუბსიდირება, რომელთაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე შეეზღუდათ ოპერირების შესაძლებლობა და, შესაბამისად, შეუმცირდათ ოპერირებიდან მიღებული შემოსავალი.

  • რაც შეეხება თანადაფინანსების პირობებს, ორივე სფეროსთვის განკუთვნილი პროგრამები მოიცავს სამ კომპონენტს: სესხის თანადაფინანსების კომპონენტი, სალიზინგო პროექტის თანადაფინანსების კომპონენტი და მიკროსესხის თანადაფინანსების კომპონენტი.

ამ პროგრამების ფარგლებში სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს 2020 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით მეწარმე სუბიექტის სესხის, ლიზინგის საგნის, მიკროსესხის ძირის ნაშთზე მომდევნო 6 თვის მანძილზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას, რომელიც დაითვლება 1 დეკემბრის მდგომარეობით არსებული საპროცენტო განაკვეთის გამოყენებით. არაუმეტეს 80 პროცენტის ოდენობით, ეროვნულ ვალუტაში გაცემული სესხის შემთხვევაში და არაუმეტეს 70 პროცენტის ოდენობით დოლარსა და ევროში გაცემული სესხის შემთხვევაში.

რატომ არის ეროვნული ბანკი იპოთეკის სუბსიდირების გაგრძელების წინააღმდეგი

სესხების თანადაფინანსების თაობაზე სპორტული ობიექტები და საბავშვო ბაღები განაცხადების გაკეთებას 5 მარტის ჩათვლით შეძლებენ. განაცხადების შევსება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მიმდინარეობს.

კორონავირუსის პანდემიამ და ამის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა საქართველოში სერიოზული პრობლემები შეუქმნა ბიზნესს. მთავრობა სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით ამ პრობლემების შემსუბუქებას ცდილობს. ამჯერად ხელისუფლება ბიზნესს საბანკო ვალდებულებების მომსახურების მიმართულებით ეხმარება.

„აწარმოე საქართველოში“ – საქართველოს ხელისუფლების პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ადგილობრივი წარმოების განვითარებას. სააგენტო აერთიანებს ყველა სახელმწიფო პროგრამას, მიმართულს ბიზნეს-სექტორის ხელშეწყობისა და ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ.