ძველ თბილისში იტალიურ ეზოში ხანძარი იყო

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ შენობიდან დროულად მოხდა 12 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. თბილისში, ხანძთელის ქუჩაზე ხანძარი ლიკვიდირებულია, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

თბილისში, გრიგოლ ხანძთელის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი ცოტა ხნის წინ მოხდა.

უწყების ცნობით, ცეცხლი გავრცელებული იყო იტალიური ტიპის სამსართულიანი სახლის სასხვენო გადახურვაზე. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სახანძრო-სამაშველო ჯგუფების მიერ შენობიდან დროულად მოხდა 12 მოქალაქის უსაფრთხო ადგილას უვნებლად გამოყვანა. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

„დაიწვა დაახლოებით 300 კვადრატამდე. იყო ხანძრის გავრცელების საფრთხე. მეხანძრე-მაშველების მიერ მოხდა ხანძრის დროული ლოკალიზება. გამომწვევი მიზეზები ჯერჯერობით უცნობია, ადგილზე იმყოფება ყველა შესაბამისი სამსახური და უმოკლეს დროში დავადგენთ გამომწვევ მიზეზებს“, – განუცხადა ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ.