ვითარება საქართველოს გზებზე: რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა პრობლემები შექმნა

საქართველოს გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები უამინდობის გამო მოქმედებს.
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. უამინდობისა და რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე შეზღუდვებია დაწესებული,  ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთზე აკრძალულია  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

ძლიერმა წვიმებმა წალენჯიხაში წყალდიდობა გამოიწვია

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

დიდთოვლობისა და ზვავსაშიშროების გამო,  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია კალა-უშგულის (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 182-186-ე კმ) მონაკვეთზეც.

ასევე, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო,  ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია მელე-ლასდილის (ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 125-157-ე კმ) მონაკვეთზეც. ხოლო ბაბილი-მელეს (92-125-ე კმ) მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კი აკრძალულია.

დეპარტამენტის ცნობით, ამავე საავტომობილო გზის 1-92-ე კმ (წყალტუბოს გადასახვევი-ბაბილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.