„სრული სიგიჟეა“: ოპოზიციონერი დეპუტატები დეკლარაციების შევსებას არ აპირებენ

ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და გასული წლის დეკემბრიდან მანდატების გაუქმებას ითხოვენ. ახლა, თუ ისინი დეკლარაციას არ შეავსებენ, მათ ჯარიმა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც დეკემბრიდან უფლებამოსილების გაუქმებას მოითხოვენ, პროტესტის ნიშნად ქონებრივი დეკლარაციების შევსებაზე უარს აცხადებენ.

ჯაფარიძე: იმდენ რამეს დავარღვევ, თვითონ მომიხსნიან მანდატს

საქართველოში ქონებრივ დეკლარაციას წლის დასაწყისში ავსებს ყველა ჩინოვნიკი, დაწყებული პრემიერ-მინისტრით და დამთავრებული მერიის თანამშრომლებით, და პარლამენტის დეპუტატები მათ შორის. დეკლარაციის შეუვსებლობის შემთხვევაში, ჩინოვნიკს ჯარიმა ან სისხლის სამართლის სასჯელიც კი ელის.

„მე არ ვაპირებ დეკლარაციის შევსება, იმიტომ რომ დაწერილი მაქვს განცხადება. თუ ვინმეს ჩემს ქონებაზე და ფინანსებზე დაგაინტერესებთ - ნებისმიერ ჟურნალისტს ვუპასუხებ დოკუმენტებით. დასამალი არაფერი მაქვს“, - დაწერა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ თავის Facebook-გვერდზე.

ასევე არ აპირებს დეკლარაციის შევსებას პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე.

„სრული სიგიჟეა. განცხადება მაქვს დაწერილი, რომ არ მინდა პარლამენტის წევრობა. მერე დე ფაქტო პრეზიდენტი, ევროკავშირის ელჩი და ცალკე ჩემი ყოფილი თანაპარტიელები სთხოვენ თალაკვაძე-მდინარაძეს, არ გამიუქმონ მანდატი და ისინი მეორე დღეს ასეც იქცევიან, ძალით უნდათ რაღაც გზებით პარლამენტის წევრად დამტოვონ და ახლა მეუბნებიან, დეკლარაცია შეავსე, თორემ ჯერ დაგაჯარიმებთ და მერე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიგცემთო“, - განაცხადა ჯაფარიძემ ვიდეომიმართვაში თავის Facebook-გვერდზე.

ოპოზიციონერი დეპუტატები ხელისუფლებას არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებენ და გასული წლის დეკემბრიდან მანდატების გაუქმებას ითხოვენ. სამშაბათს პარლამენტმა ჩააგდო ოპოზიციისთვის მანდატების გაუქმების საკითხი და მისცა მათ დრო საგაზაფხულო სესიამდე, როდესაც ეს უკვე ავტომატურად მოხდება, რადგან დეპუტატები სხდომებს არ ესწრებიან.

თუმცა დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა შესაძლებელია მხოლოდ უფლებამოსილების გაუქმების შემდეგ.