ლევან მაისაშვილი: რუსეთი კარგად მოემზადა მატჩისთვის

გამარჯვების მიუხედავად, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მოთამაშეები და მწვრთნელები თამაშის ხარისხით უკმაყოფილონი დარჩნენ
Sputnik

თბილისი, 7 თებერვალი – Sputnik. საქართველოს რაგბის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა ისაუბრა თავისი აღსაზრდელების გამარჯვებაზე (16:7) რუსეთზე ევროპის ერთა თასის მატჩში. ბორჯღალოსნების თავკაცის თქმით, მეტოქე კარგად იყო მომზადებული თამაშისთვის.

„არ გვიფიქრია, რომ პირველ ტაიმში ქულებს ვერ ავიღებდით. ამ ტიპის თამაშებში ხშირად ხდება მსგავსი რამ. თუ მეტოქეს ვერ მოაქცევ წნეხში, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ეს წნეხი შენზე გადმოდის და სწორედ ეს დაგვემართა. გვქონდა კარგი მომენტები, მაგრამ დაუდევრობის გამო ქულა ვერ ავიღეთ, ბურთს ვერ გავუფრთხილდით. რუსები ამ შეხვედრისთვის კარგად იყვნენ მომზადებული“, - განაცხადა მაისაშვილმა მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე.

ლევან მაისაშვილი: რუსეთი კარგად მოემზადა მატჩისთვის

„ბორჯღალოსნების“ თავკაცმა აღნიშნა, რომ მეორე ტაიმში მისმა შეგირდებმა ითამაშეს უკეთესად, თუმცა არა იდეალურად.

„პირველ ტაიმში გაგვიჭირდა შერკინებაში, თუმცა მეორე ტაიმში ეს კომპონენტიც და მოლიც უკეთესი იყო. შესაძლოა, ისეთი სხვაობით ვერ მოვიგეთ, როგორითაც ვგეგმავდით, მაგრამ წამითაც არ დამდგარა იმის საფრთხე, რომ გამარჯვებას ვერ შევძლებდით“, - ხაზგასმით აღნიშნა მაისაშვილმა.

ლევან მაისაშვილი: რუსეთი კარგად მოემზადა მატჩისთვის

თამაშით უკმაყოფილება გამოთქვა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მერაბ შარიქაძემაც: „ეს არ იყო რუსეთთან ყველაზე მძიმე თამაში. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივარი ამ თამაშით არ იქნება ბედნიერი და დიდად არც ჩვენ ვართ გახარებულები, მაგრამ მოგება მოგებაა. რეალობა ისაა, რომ რუსეთთან თამაში იმხელა პასუხისმგებლობაა, იმდენად ემოციური და მძიმეა, რომ ეს ხშირად ხელს გვიშლის ხოლმე“.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა რუსეთს ზედიზედ მე-19-დ მოუგო.

სატურნირო თვალსაზრისით თბილისში გამართულ მატჩს არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა - საქართველოს ნაკრებმა წინასწარ, ჯერ კიდევ შარშან გახდა ევროპის ერთა თასის გამარჯვებული, ხოლო რუსეთმა ტურნირის უმაღლეს დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს და რუსეთის ნაკრებები ერთმანეთს 24-ჯერ შეხვედრიან. პირველად 1993 წელს პოლონეთში, მაშინ რუსეთმა პირველად და უკანასკნელად დაამარცხა საქართველოს ნაკრები ანგარიშით 15:9.

ლევან მაისაშვილი: რუსეთი კარგად მოემზადა მატჩისთვის

2002 წელს გუნდებმა შეხვედრა ფრედ - 12:12 დაასრულეს. ყველა დანარჩენი მატჩი საქართველოს ნაკრების გამარჯვებით მთავრდებოდა. 2012 წელს თბილისში გამართულ მატჩში „ბორჯღალოსნებმა“ მეტოქე ანგარიშით 46:0 დაამარცხეს.

საქართველო-რუსეთის ნაკრებების დაპირისპირების საერთო ანგარიშია - 595:276, ლელოს რაოდენობა კი - 67:17.