ვის აწყობს დისტანციური სწავლა სკოლებში: გასაჯაროვდა მასწავლებლების მიმოწერა

დირექტორის მოადგილეს ჰქონდა გეგმა, თუ როგორ „გაემსხვილებინა“ კლასები, რათა მომხდარიყო ინფიცირება და სწავლება კვლავ დისტანციურად გაგრძელებულიყო.
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. ტელეკომპანია TV Pirveli თბილისის 24-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილისა და მასწავლებლების მიმოწერას ასაჯაროებს. დირექტორის მოადგილისა და სკოლის პედაგოგებს შორის მიმოწერა დახურულ ჯგუფში მიმდინარეობდა.

ტელეკომპანიის ცნობით, 24-ე სკოლის დირექტორის მოადგილეს, ეკა ბროლაძეს ჰქონდა გეგმა, 15 თებერვლის შემდეგ სკოლაში მოსიარულე ბავშვების კლასებში მოსწავლეების რაოდენობა გაეზარდა, რათა შეექმნა ეპიდაფეთქება და სწავლება კვლავ დისტანციურ რეჟიმზე გადასულიყო.

„ხალხო, ისე მიდის საქმე, რომ ძირითადი ნაწილი ონლაინზეა და ყოჩაღ თქვენ! ორშაბათიდან ასე მოვიქცევი - გავაკეთებ ახალ ცხრილს ორი პარალელური კლასისთვის და გავამსხვილებთ სკოლაში მოსიარულეთა კლასებს. ამით დამთავრდება იფეთქებს კოვიდი და გადავალთ ონლაინზე“, - აღნიშნულია ეკა ბროლაძის პოსტში, რომელიც ტელეკომპანიამ გაავრცელა.
რეკომენდაციები და სავალდებულოდ შესასრულებელი წესები, რომლებიც სკოლებმა უნდა დაიცვან

გახმაურებულ ფაქტზე ბროლაძემ ტელეკომპანიასთან საუბრისას კომენტარი გააკეთა. დირექტორის მოადგილე აღნიშნავს, რომ მიმოწერა იყო დახურული ჯგუფიდან და მის შინაარსზე თავად არის პასუხისმგებელი.

„ეპიდვითარებას თქვენც უყურებთ და მეც. აქ მეორე მხარეც არის, მანდ ალბათ ის არ წაგიკითხავთ, რომ მაღალ დონეზე ტარდება ონლაინ-გაკვეთილები, მშობლები კმაყოფილები არიან და სულაც არ სურთ ბავშვების სკოლაში გამოშვება“, - განაცხადა ბროლაძემ.

რაც შეეხება სკოლის დირექტორის მოსაზრებას, გიორგი კაკაბაძე აღნიშნავს, რომ აღნიშნული მიმოწერის შესახებ არაფერი იცოდა და ტელეკომპანიისგან გაიგო. კაკაბაძის თქმით, მისი მოადგილის განცხადება არ არის კორექტული.

„ბროლაძის პოსტში ალბათ იმაზეა საუბარი, რომ სწავლის დაწყება გამოიწვევს კოვიდინფიცირების გაზრდას. როდესაც გამოაცხადეს, რომ სწავლა 15-ში იწყებოდა დავავალე, რომ შეეგროვებინა მონაცემები თუ ვის უნდა მშობლებიდან მოსვლა სკოლაში და ვის არა. ეს იმიტომ, რომ გადალაგება შეგვძლებოდა“, - აცხადებს გიორგი კაკაბაძე.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება. ყველაზე მნიშვნელოვანი რეკომენდაცია მოსწავლეებს შორის ერთმეტრიანი დისტანციის დაცვაა. ამ შემთხვევაში სკოლას, თავისი ინფრასტრუქტურიდან და მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე, თავად ექნება შესაძლებლობა, ინდივიდუალურად გადაწყვიტოს, თუ რამდენ მოსწავლეს განათავსებს საკლასო ოთახებში.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვეტილება ბოლო პერიოდში კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი კლების შედეგად მიიღო.