საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 27 წლის წინ მომხდარი მკვლელობის გამოძიება განაახლა

ეს ფრედ ვუდროფის მკვლელობის ხელახალი გამოძიების მეორე მცდელობაა. 2005 წელს საქმის ხელახალ გამოძიებას მიაღწია ამერიკელმა ადვოკატმა მაიკლ პულარმა, რომელიც მოკლულის ახლობლებმა დაიქირავეს
Sputnik

თბილისი, 6 თებერვალი - Sputnik. საქართველოს გენერალური პროკურატურა კვლავ იძიებს 1993 წელს მომხდარ აშშ-ს მოქალაქის ფრედ ვუდროფის მკვლელობას თბილისის შესასვლელთან და საქმის მოწმეების გამოკითხვას აწარმოებს, პირველი არხის ეთერში განაცხადა ელდარ გოგოლაძემ, საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის დაცვის ყოფილმა თანამშრომელმა.

კარტოგრაფების საქმე – რა ახალი მტკიცებულებები აქვს პროკურატურას

FBI-ს თანამშრომელი ვუდროფი 1993 წლის აგვისტოში თბილისის შესასვლელში ავტომობილში ჩაცხრილეს. მკვლელობის ბრალდებით 15-წლიანი პატიმრობა მოიხადა ყოფილმა სამხედრო პირმა ანზორ შარმაიძემ, რომელიც 2008 წელს გათავისუფლდა და ახლა საქმის გადახედვა მოითხოვა.

„თავიდან ბოლომდე მომაყოლეს რაც მახსოვდა და ყველაფერზე მივეცი ამომწურავი პასუხი, რაც მახსოვდა. რა მოხდა იქ, სად ვიყავი, საიდან მოვდიოდით, რა ადგილას გვესროლეს“, - განაცხადა გოგოლაძემ, რომელიც მკვლელობის მომენტში ვუდროფთან ერთ მანქანაში იმყოფებოდა.

პროკურატურის შეკითხვებს უპასუხა შარმაიძემ, რომელიც ახლა ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა. ყოფილმა მსჯავრდებულმა გამოკითხვაზე საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე გვარი დაასახელა. გამოკითხვის შემდეგ მისმა ადვოკატმა შარმაიძის დაზარალებულად ცნობა მოითხოვა, თუმცა უარი მიიღო.

ვუდროფის საქმე

ეს ფრედ ვუდროფის მკვლელობის ხელახალი გამოძიების მეორე მცდელობაა.

2005 წელს საქმის ხელახალ გამოძიებას მიაღწია ამერიკელმა ადვოკატმა მაიკლ პულარმა, რომელიც მოკლულის ახლობლებმა დაიქირავეს. თუმცა მაშინდელი გამოძიება იგივე შედეგით დასრულდა.

მკვლელობა მაშინ მოხდა, როდესაც ვუდროფი პრეზიდენტის დაცვის უფროს გოგოლაძესთან და ორ გოგონასთან ერთად ქალაქგარეთ გასეირნებიდან თბილისში ავტომობილ „ნივათი“ ბრუნდებოდა.

გამოძიებისა და ვუდროფის თანმხლები პირების ვერსიით, თბილისში შესვლისას სამხედრო ფორმაში გამოწყობილმა რამდენიმე ახალგაზრდამ მანქანის გაჩერება სცადა, მაგრამ საჭესთან მსხდომი გოგოლაძე არ გაჩერდა. ამის შემდეგ უცნობებმა ერთი გასროლა განახორციელეს. ტყვია უკანა სავარძელზე მჯდომ ვუდროფს თავში მოხვდა, მიღებული ტრავმისგან ის 30 წუთში გარდაიცვალა. გოგოლაძემ მოკლული ვუდროფი საავადმყოფოში დატოვა, დაბრუნდა დანაშაულის ადგილზე და ანზორ შარმაიძე და კიდევ ორი პირი დააკავა.

პოლიციის განყოფილებაში დაკავებულებმა აღიარეს, რომ თითქოს შარმაიძემ განახორციელა ერთი გასროლა, რომელმაც ვუდროფი იმსხვერპლა.

ამერიკულმა მხარემ ამ ინციდენტის დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა, თუმცა გამოძიების მასალების უმრავლესობა გასაიდუმლოებულია. ამერიკელი გამომძიებლების ვერსიით, ანზორ შარმაიძეს მკვლელობასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა და ის მკვლელობის მომენტში დანაშაულის ადგილას არც კი იმყოფებოდა.