ალეკო ელისაშვილი - გზა ქართულ პოლიტიკაში

რადგან ალეკო ელისაშვილი ერთადერთია ქართულ ოპოზიციურ ერთობაში, რომელმაც განსხვავებული პოზიციის საჯაროდ გამოხატვა და პარლამენტში ლევან იოსელიანთან ერთად შესვლა გაბედა, ვფიქრობთ, უინტერესო არ იქნება, მისი ნაბიჯის საზოგადოების მხრიდან შეფასდესებებს გადავხედოთ
Sputnik

ჯერჯერობით რაც გვესმის საჯარო სივრცეში, ოპოზიციისგან მისი ლანძღვა-გინება და ცილისწამებებია, თუმცა საინტერესოა, როგორ შეაფასებს ამომრჩეველი მის ქცევას 100 დღის, 1 წლის ანდა სულაც, 4 წლის შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ ელისაშვილის პარლამენტში შესვლას წინ უძღოდა მოლაპარაკება მმართველ პარტიასთან და მათ შორის დადებული 18-პუნქტიანი ხელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ უნდა მოხდეს საარჩევნო კოდექსის რეფორმა, საარჩევნო ბარიერი შემცირდეს 3 პროცენტამდე, ხოლო საარჩევნო კომისიებში გაიზარდოს ოპოზიციის წარმომადგენლობა. გაწერილია კონკრეტული ვადებიც - კომისიამ, რომელიც პარლამენტში ხუთშაბათს შეიქმნა, ცვლილებების პროექტი პარლამენტს 1 მარტამდე უნდა წარუდგინოს, ხოლო ცვლილებები მიღებული უნდა იყოს 1 მაისამდე. მართალია, მათი ნაწილი ჩვეულებრივი ორგანული კანონი იქნება და 76 ხმით ჩვეულებრივ მიიღება, მაგრამ რა უნდა ვუყოთ კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ბარიერს და მსგავს ცვლილებებს, რომელთაც 113 ხმა დასჭირდება, ძნელი სათქმელია.

მანდატების შენარჩუნება ოპოზიციისთვის – ახალი შანსი თუ კონსტიტუციის დარღვევა

ასევე, საქმე ის გახლავთ, რომ ოპოზიციის კიდევ მცირე ნაწილმა, კერძოდ, „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ სურვილი გამოთქვა, პარლამენტში შესაძლოა, ჩვენც შევიდეთ, ოღონდ ხელისუფლება 2022 წელს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების, კერძოდ, გიორგი რურუას გამოშვებას დათანხმდესო. აქვე შეგვიძლია, შევნიშნოთ, რომ ამხელა მილიონების პატრონის პარტიამ ვადიან არჩევნებზე ისეთი დაბალი შედეგი აჩვენა, რაც უფრო მეტი დრო ექნება მოსამზადებლად და რებრენდინგისათვის, მით უკეთესი - „ლელოსთვის“, თუმცა მასში ნამდვილად ნიჭიერი და კარგი იდეებისა და რეპუტაციის ადამიანები არიან გაწევრიანებული.

ელისაშვილს რომ დავუბრუნდეთ, მართალია, მას ის გულწრფელობა დააკლდა, მერის არჩევნებში რომ მონაწილეობდა და ლეხ ვალენსასავით მშრომელი კლასის იმედზე იყო, მაგრამ არც პოლიტიკურ გამჭრიახობას უჩივის. აგერ, საარჩევნო საკითხებზე კომისიის ხელმძღვანელობაზე უარი თქვა, რადგან როგორც ჩანს, კარგად იცის, რომ მმართველი პარტია ერთჯერადად გამოიყენებს და მერე გადააგდებს. ეს კომისია ნამდვილად ვერ დაადგენს, გაყალბდა თუ არა არჩევნები, რის შედეგადაც დაიდება დასკვნა, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ელისაშვილს არ სურს, 2020 წლის არჩევნები ბოლომდე „გაუპრავოს“ ხელისუფლებას.

NDI-სა და „ქართული ოცნების“ ომი დასრულდა – კვლევითმა ორგანიზაციამ მისი წარმატება აღიარა

ექსპერტი პაატა ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მას მოსწონს ალეკო ელისაშვილის გაბედულება, რადგან მან მარტო მოახერხა, დაეძლია „ნაცმოძრაობის“ კომპლექსი და ეთქვა, რომ არ ემორჩილება გაბატონებულ აზრს და თავისი გზა აქვს. რა თქმა უნდა, ცხადი იყო, რომ ამას გაერთიანებული ოპოზიცია და საერთო მაგიდასთან მსხდომი ხალხი, რომლებიც პარლამენტის ბოიკოტზე შეთანხმდნენ და უკიდურესად რადიკალური გზა აირჩიეს, ღალატად შეაფასებდა, მაგრამ როგორც ჩანს, ელისაშვილი და მისი გუნდი ამისათვიs მზად იყო.

ამერიკის ელჩისა და დასავლეთის მოწოდებები ოპოზიციისადმი, პარლამენტში შედით და იქედან იბრძოლეთო, რჩება ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა. ელისაშვილს, როგორც ჩანს, ნამდვილად არ უნდა, პოლიტიკური ველიდან გაქრეს. ზაქარეიშვილისავე აზრით, თუკი ელისაშვილი მოახერხებს და მმართველ გუნდს მართლაც შეაცვლევინებს საარჩევნო კანონმდებლობას, შესაძლოა, ადგილობრივ არჩევნებზე მისი მხარდაჭერა გაიზარდოს კიდეც. შესაძლოა, სულაც გაქრეს პოლიტიკური ველიდან. ბევრი რამ ახლა სწორედ პარლამენტში მის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე იქნება დამოკიდებული. ერთი კია, რომ საქართველოში სიტყვის გამტეხი და კონსტრუქციული პოლიტიკოსები ზოგადად ნაკლებად უყვართ და უფრო რადიკალების მხარდაჭერაში ვართ, ბოლო 30 წელია. თუმცა ამის ყველაზე კარგი შეფასება მაინც შემოდგომაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდება.