საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის საჰაერო მიმოსვლა დაიწყება

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, შეთანხმება კიდევ ერთხელ ადასტურებს ბოლო პერიოდში ორ ქვეყანას შორის არსებული კავშირების გაღრმავებას.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოსა და სამხრეთ კორეას პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კორეის რესპუბლიკის ქალაქ სეულში 4 თებერვალს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და კორეის რესპუბლიკის მთავრობას შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ“ შეთანხმებას.

საქართველო და სამხრეთ კორეა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებენ

კორეის მთავრობის მხრიდან აღნიშნულ შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა კან კუნგ-ვამ, ხოლო საქართველოს მთავრობის მხრიდან – კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა.

საგარეო უწყების განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლის შესაძლებლობათა გაფართოებას, ორი ქვეყნის ხალხთა შორის მეგობრობის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის, ასევე ორ ქვეყანას შორის ტურიზმისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას.

სეულსა და თბილისს შორის 2018–2019 წლებში ჩარტერული რეისები სრულდებოდა.

კორეამ საქართველოს 400 ათასი აშშ დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა>>

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 14 დეკემბერს დამყარდა. 2011 წელს სეულში გაიხსნა საქართველოს საელჩო, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ორ ქვეყანას შორის ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობების განვითარებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, საინვესტიციო, კულტურის, საგანმანათლებლო, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში.