„რუბინის“ კაპიტანი კვარაცხელიაზე: „მას კარგად ესმის ფეხბურთი“

„რუბინის“ ხელმძღვანელობამ არაერთხელ განაცხადა, რომ მზადაა გაუშვას კვარაცხელია, თუ კლუბი რეალურ და საინტერესო წინადადებას მიიღებს.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ყაზანის „რუბინის“ კაპიტანი ფილიპ ურემოვიჩი მიიჩნევს, რომ მის პარტნიორს, ქართველ ნახევარმცველს ხვიჩა კვარაცხელიას დიდი კარიერა ელოდება ევროპაში. ამის შესახებ ხორვატმა მცველმა გამოცემა Спорт-Экспресс-სთან ინტერვიუში განაცხადა.

ხვიჩა კვარაცხელია - 2020 წლის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია

„მას აქვს სისწრაფე, დრიბლინგი, დარტყმა და გადაცემა. მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ მას კარგად ესმის ფეხბურთი. არიან მოთამაშეები, რომლებსაც აქვთ დარტყმაც, არიან სწრაფებიც, მაგრამ თამაშს ვერ გრძნობენ და არ გააჩნიათ კარგი სათამაშო ინტელექტი. ხოლო ხვიჩას ეს აქვს – ის, უბრალოდ, ღვთის საჩუქარია“, – განაცხადა ურემოვიჩმა.

მისი თქმით, კვარაცხელია რომ ბრაზილიელი ან ესპანელი იყოს, უკვე მადრიდის „რეალში“ ან მიუნხენის „ბავარიაში“ ითამაშებდა.

„ქართული პასპორტი მისთვის პრობლემაა. ევროპაში ხომ ადამიანები მოქალაქეობას უყურებენ. სკაუტი, აგენტი ან პრეზიდენტი ევროპაში უფრო ესპანელს ან არგენტინელს აირჩევს, ვიდრე მოთამაშეს რუსული, ხორვატიული ან ქართული პასპორტით. ასეთია თანამედროვე რეალობა“, – აღნიშნა ურემოვიჩმა.

მან ასევე დასძინა, რომ იმედი აქვს, ხვიჩას ყველაფერი გამოუვა და ის ევროპაში დიდ კარიერას გაიკეთებს.

ქართველი კალათბურთელების შედეგიანი კვირა და ხვიჩა კვარაცხელიას გაურკვეველი მომავალი

კვარაცხელია, რომელსაც 12 თებერვალს 20 წელი შეუსრულდება, ევროპული კლუბების ინტერესის სფეროში მუდმივად ხვდება. კერძოდ, ქართველი ნახევარმცველით დაინტერესდნენ იტალიური „რომა“, დორტმუნდის „ბორუსია“, სტამბულის „გალათასარაი“. ცოტა ხნის წინ მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ „ნაპოლი“ მზადაა კვარაცხელიასთვის 25 მლნ ევრო გადაიხადოს.

„რუბინის“ ხელმძღვანელობას არაერთხელ განუცხადებია, რომ მზადაა კვარაცხელია გაუშვას იმ შემთხვევაში, თუ კლუბი რეალურ და საინტერესო წინადადებას მიიღებს.

ხვიჩა კვარაცხელია ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელების სიაში მოხვდა>>

ამ დროისათვის, ავტორიტეტული გამოცემა Transfermarkt-ის ვერსიით, კვარაცხელიას ღირებულება 10 მლნ ევროა.

მიმდინარე სეზონში კვარაცხელიამ „რუბინში“ 16 მატჩი ჩატარა, გაიტანა ორი გოლი, გააკეთა ორი საგოლე გადაცემა და თავისი პარტნიორებისთვის სამი პენალტი „გამოიმუშავა“.