ნიკა მელიას გირაოს გადახდისთვის დამატებით ერთი კვირა მისცეს

ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 2019 წლის ზაფხულში საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის გამო.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა (ნიკანორ) მელია საქართველოს პროკურატურაში გამოიძახეს, რათა გააფრთხილონ, თუ რა შედეგები მოჰყვება მისთვის აღკვეთის ზომად დადგენილი გირაოს გადახდის პირობის შეუსრულებლობას, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯურის ნაცვლად გირაო შეეფარდა>>

ნიკა მელიას 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე ბრალად ედება ჯგუფური მოქმედების ხელმძღვანელობა, რასაც თან ახლდა ძალადობა, რბევა, სხვისი ნივთის დაზიანება და განადგურება, ხელისუფლების წარმომადგენლისადმი წინააღმდეგობა და მათზე თავდასხმა; ჯგუფურ მოქმედებაში მონაწილეობა.

მელია: სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები, ელექტრონულ სამაჯურს არ გავიკეთებ

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ნიკა მელია 30 ათასი ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ 2019 წლის 27 ივნისს გაათავისუფლეს. მას ასევე შეეზღუდა გადაადგილება – მისი გადაადგილება ელექტრონული სამაჯურის მეშვეობით კონტროლდებოდა.

ნიკა მელიამ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 2020 წლის 1 ნოემბერს ელექტრონული ზედამხედველობის სამაჯური მოიხსნა და ხალხში გადააგდო. მომხდარ ფაქტზე პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს პროკურატურას მიმართა, რომელმაც, თავის მხრივ, თბილისის სასამართლოს მიმართა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების დამძიმების, კერძოდ, გირაოს თანხის 100 ათას ლარამდე გაზრდის მოთხოვნის შუამდგომლობით. თუმცა, სასამართლომ გირაოს თანხა 40 ათას ლარამდე შეამცირა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

პოლიტიკოსს თანხა 50 დღის განმავლობაში, ანუ 2020 წლის 24 დეკემბრამდე უნდა გადაეხადა.

გირაო და შეზღუდვები: რა დამატებითი აკრძალვები დაუწესდა ნიკა მელიას

მელიას ასევე აეკრძალა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა პროკურატურის წინასწარი გაფრთხილებისა და თანხმობის გარეშე.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, გირაოს თანხის ოდენობის განსაზღვრის შემდეგ ბრალდებულს, მისი სახელით ან მის სასარგებლოდ სხვა პირს შეუძლია გირაოს უზრუნველსაყოფად შეიტანოს როგორც ფულადი თანხა, ასევე ამ თანხის ეკვივალენტური უძრავი ქონება.

პროკურატურაში აღნიშნავენ, რომ დეკლარაციის თანახმად, რომელიც მელიამ 2020 წლის 31 დეკემბერს შეავსო, მას საკმარისი თანხა აქვს გირაოს გადასახდელად, თუმცა ეს დღემდე არ გაუკეთებია.

პროკურატურა ნიკა მელიას დამატებით ერთკვირიან ვადას აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ პირობა არ შესრულდება, ბრალდება სასამართლოს მიმართავს თხოვნით, რომ მისთვის შერჩეული აღკვეთის ზომა თავისუფლების აღკვეთით შეცვალოს.