„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს გადახდას არ აპირებს

პროკურატურა ნიკა მელიას დამატებით ერთკვირიან ვადას აძლევს. იმ შემთხვევაში, თუ პირობა არ შესრულდება, ბრალდება სასამართლოს მიმართავს თხოვნით, რომ მისთვის შერჩეული აღკვეთის ზომა თავისუფლების აღკვეთით შეცვალოს.
Sputnik

თბილისი, 5 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატი და ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია გირაოს თანხის გადახდას არ აპირებს და პროკურატურას სთავაზობს – მისი დაკავების სანქციის შესახებ პარლამენტს მიმართოს. 

ნიკა მელიას გირაოს გადახდისთვის დამატებით ერთი კვირა მისცეს

პარასკევს საქართველოს პროკურატურამ ნიკა მელიას 40 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა, თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში კი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლით დაემუქრა. მაგრამ ნიკა მელია ამჟამად ოფიციალურად დეპუტატია და მისი დაკავება მხოლოდ პარლამენტის თანხმობითაა შესაძლებელი.

„არ გადავიხდი და თქვენ ჩემ დაკავებას ვერ შეძლებთ. ორი თვის განმავლობაში ჩვენ, მე და მთელი ოპოზიციის წარმომადგენლები გთხოვთ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას. შოთაძე–ფარცხალაძის პროკურატურამ (ამჟამინდელი და ყოფილი გენპროკურორები) ერთკვირიანი ვადა მომცა. მომავალში რა უნდა გააკეთონ, კარგად იციან, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ უკვე“, – განაცხადა მელიამ ბრიფინგზე.

ნიკა მელიას ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისის საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა. ახლა პარლამენტს მეორედ მოუწევს მელიასთვის სადეპუტატო ხელშეუხებლობის მოხსნისა და უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება.

პირველად პარლამენტმა მელიას სადეპუტატო ხელშეუხებლობა 2019 წლის ივნისში მოუხსნა – პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ივლისში კი მელიას დეპუტატის მანდატი ვადაზე ადრე შეუჩერეს.

2019 წლის 27 ივნისს გამართულ სხდომაზე თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა პროკურატურის შეუამდგომლობა მელიას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შესახებ და აღკვეთის ღონისძიების სახით 30 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდა და ელექტრონული სამაჯურის ტარება დააკისრა.

მელია გასული წლის ოქტომბერში აქტიურად მონაწილეობდა წინასაარჩევნო კამპანიაში, 2020 წლის ნოემბერში კი, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მან ერთ-ერთი მიტინგზე საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული სამაჯური და გადააგდო. ამის შემდეგ მას სამაჯურის ტარების ვალდებულება მოუხსნეს და გირაოს თანხა 10 ათასით გაუზარდეს.