პირბადის ტარების წესის დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020 წლის 4 ნოემბრიდან საქართველოში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. პირბადის ტარების წესის დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა გაორმაგდება, განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თანამედროვე მსოფლიოში კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადის ტარება და დისტანციის დაცვაა. 

ვინ უზრუნველყოფს ქუჩასა და ტრანსპორტში პირბადის სწორად ტარებასა და სოციალურ დისტანციას

„შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად ჩვენ უნდა ვიზრუნოთ წესების დაცვის გამკაცრებაზე, ამიტომაც დღეს ჩვენ მივიღებთ, მაგალითად, პირბადის ტარების წესის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში არსებული სანქციის გაორმაგების მიზანშეწონილობის თაობაზე გადაწყვეტილებას“, – განაცხადა სხდომაზე გახარიამ.

მისი თქმით, აუცილებელია მოქალაქეებმა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი წესები მაქსიმალურად დაიცვან.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს წესები დავიცვათ ეფექტურად, ეს ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების დაცვის ინტერესშია“, – განაცხადა გახარიამ.

დღეისათვის პირბადის ტარების წესის დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 20 ლარის ოდენობით.