ოპოზიციური ახალგაზრდული მოძრაობა დაუმორჩილებლობის აქციას აანონსებს

საქართველოს მთავრობაში განმარტავენ, რომ ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა მოქალაქეთა მობილობის შესამცირებლად არის დაწესებული, რაც თავის მხრივ, ინფიცირების რისკს ამცირებს
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. შაბათს ოპოზიციური მოძრაობა „სირცხვილია“დარჩენილი შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით ე.წ. „დაუმორჩილებლობის მარშის“ მოწყობას გეგმავს.

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მომდევნო კვირიდან სამუშაო დღეებში შეარბილოს შეზღუდვები, პირბადეების ტარების რეჟიმი და ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვა კი კვლავ ძალაში რჩება.

რა შეზღუდვები იხსნება და რა რჩება ძალაში 8 თებერვლიდან: დეტალური ინფორმაცია

„კომენდანტის საათის „ხიდით" გადავალთ მომდევნო უგუნურ ჩაკეტვამდე“, - განაცხადა მოძრაობის ლიდერმა შოთა დიღმელაშვილმა.

მისი თქმით, დაუმორჩილებლობის მარში თბილისში შაბათს გაიმართება და პარლამენტის შენობიდან დაიწყება.

ახალგაზრდულ ორგანიზაციას სოლიდარობას არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები უცხადებენ.

„დღეისათვის მოქმედი ფორმით არსებული გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება“, - ამტკიცებს რვა არასამთავრობო ორგანიზაცია.

მათი თქმით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილების შეზღუდვის გამოყენება აზრს მოკლებული და გაუმართლებელია.

პირბადის ტარების წესის დარღვევის გამეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება >>

ამასთან, მთავრობაში ღამის საათებში გადაადგილებაზე შეზღუდვას ხსნიან იმით, რომ ეს ამცირებს მოქალაქეთა მობილობას, რაც, თავის მხრივ, ინფიცირების რისკს ამცირებს.