მათხოვრობა დროებით დაშვებულია: ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ კანონი შეაჩერა

ქვეყნის პროკურატურის წინადადებით, მათხოვარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, თუ ის აგრესიულად იქცევა, მოწყალებას ბავშვებთან ერთად ითხოვს, ან ბანკომატების სიახლოვეს მათხოვრობს.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი — Sputnik. შვეიცარიაში დროებით შეჩერდა იმ კანონის მოქმედება, რომელიც მოწყალების თხოვნას კრძალავს, იუწყება გამოცემა Blick.

ქვეყნის ხელისუფლებამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა ერთ-ერთი ქალის საქმეზე, რომელიც ჟენევაში მათხოვრობდა.

„შვეიცარიის ხელისუფლება ვალდებულია კომპენსაცია გადაუხადოს რუმინელ ქალს, რომელიც ჟენევის ერთ-ერთ გზატკეცილზე მოწყალებას ითხოვდა და ამის გამო 500 ფრანკით (დაახლოებით 466 ევრო) დააჯარიმეს. გამომდინარე იქიდან, რომ ქალს არ ჰქონდა სამსახური და არ იღებდა სოციალურ დახმარებას, ჯარიმის გადახდა არ შეეძლო. ამის გამო ის ხუთი დღით მოათავსეს საგამოძიებო იზოლატორში“, — წერს გამოცემა.

თუმცა ისტორია ამით არ დამთავრებულა. მომხდარიდან შვიდი წლის შემდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ სასჯელი არ შეესაბამებოდა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ან ადგილობრივი მოსახლეობის უფლებების დაცვის მიზნებს, უფრო მეტიც, შვეიცარიის ხელისუფლების პოლიტიკა ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის იმ მუხლს, რომელიც პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლებას შეეხება.

ერევანი ბაქოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის

სასამართლოს დადგენილებაში ნათქვამია, რომ დაზარალებულ ქალს არ გააჩნდა საარსებო სახსრები და, „უკიდურესად მოწყვლად ვითარებაში მყოფს, ჰქონდა უფლება, შეენარჩუნებინა ადამიანური ღირსება, გამოეხატა საკუთარი უბედურება და დახმარების თხოვნით გამოესწორებინა თავისი მდგომარეობა“.

ჟენევის კანტონს დაზარალებული ქალისთვის 922 ევროს გადახდა დაეკისრა მორალური ზიანის კომპენსაციის სახით.

ევროპული სასამართლოს დადგენილების ფონზე ჟენევის პროკურატურამ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, შეცვალოს 2008 წლიდან მოქმედი კანონი, რომელიც მოწყალების თხოვნას კრძალავს. უწყების წინადადებით, მათხოვარი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება დაისაჯოს, თუ ის აგრესიულად იქცევა, მოწყალებას ბავშვებთან ერთად ითხოვს, ან ბანკომატების სიახლოვეს მათხოვრობს.