განათლების მინისტრი: სკოლებში აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო იქნება

ჩხენკელმა აღნიშნა, რომ სკოლებში სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ საბავშვო ბაღების, პროფესიული კოლეჯებისა და უმაღლესი სასწავლებლების გახსნა უახლოეს მომავალში განიხილება.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. სკოლებში ზედმიწევნით იქნება დაცული სამედიცინო პროტოკოლი, შეიქმნება აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო, განაცხადა განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მასწავლებლებს ყოველ ორ კვირაში კოვიდ–ტესტირება ჩაუტარდებათ

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 15 თებერვლიდან თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სასწავლო პროცესი საკლასი ოთახებში განახლდება. მთავრობაში განმარტავენ, რომ პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ვადაზე ადრე შემსუბუქება ქვეყანაში კოვიდ-ინფექციის გავრცელების კლებამ გამოიწვია.

მინისტრის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ სკოლაში სიარული უსაფრთხო იყოს და ამაში მასწავლებლების რეგულარული ტესტირებაც მოიაზრება.

15 თებერვლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდება>>

განათლების მინისტრი ქვეყანაში საბავშვო ბაღებისა და უმაღლესი სასწავლებლების გახსნის საკითხსაც შეეხო. ჩხენკელი განმარტავს, რომ შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი ეტაპობრივად გაგრძელდება.

„მთლიანად ქვეყნის ტერიტორიაზე სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. რაც შეეხება ბაღებს, პროფესიულ კოლეჯებსა და უმაღლეს სასწავლებლებს, ეს პროცესი სკოლებში დაბრუნებას ეტაპობრივად მოჰყვება. კონკრეტული თარიღების შესახებ განცხადება მომავალში გაკეთდება“, – აღნიშნა მინისტრმა.

1 თებერვლიდან აჭარის, ზუგდიდის, გორის, ფოთისა და თელავის სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა. რაც შეეხება თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის სკოლებს, მთავრობის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, აღნიშნულ ქალაქებში სასწავლო პროცესის აღდგენა 1 მარტიდან იყო დაგეგმილი, თუმცა ახლა ეს ორი კვირით უფრო ადრე მოხდება.