15 თებერვლიდან რესტორნები საქმიანობას განაახლებენ

ამ ეტაპზე მთავრობის მიერ დადგენილი რეგულაციების თანახმად, რესტორნებსა და კაფე-ბარებს მუშაობა მხოლოდ გატანის სერვისით შეუძლიათ.
Sputnik

თბილისი, 4 თებერვალი – Sputnik. საზკვების ობიექტები და რესტორნები საქმიანობას ღია სივრცეში 15 თებერვლიდან განაახლებენ, განაცხადა უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

„15 თებერვლიდან კვების ობიექტები, რესტორნები შეძლებენ ღია სივრცეში მუშაობის დაწყებას. თუმცა, შეზღუდვები დარჩება შაბათ-კვირას. ამ შეზღუდვების კიდევ უფრო შემსუბუქების საკითხს შემდეგი კვირის ბოლოს განვიხილავთ“, – განაცხადა გახარიამ. 
ბექა ფერაძე: თვითნებურად გახსნის შემთხვევაში რესტორნები დაჯარიმდებიან

შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლებამ 1 თებერვლიდან რესტორნების საქმიანობის განახლების გადაწყვეტილება მხოლოდ აჭარის რეგიონთან დაკავშირებით მიიღო. იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, რეგიონში კვების ობიექტების ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაშვებულია ერთი პირობით – შაბათ–კვირას ყველა საზკვების ობიექტი მხოლოდ ე.წ. გატანის სერვისით მუშაობს.

აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბიზნესის ამ სექტორის სხვა რეგიონების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. ბოლო კვირის განმავლობაში მათ რამდენიმე საპროტესტო აქცია გამართეს, რომელსაც შეუერთდნენ ტურისტული სექტორის წარმომადგენლები, ფიტნეს–ცენტრების მეპატრონეები, ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები, რიგითი მოქალაქეები. 

3 თებერვალს დაახლოებით 200-მა რესტორანმა, ქვეყანაში მოქმედი კოვიდ–შეზღუდვების პროტესტის ნიშნად, 6 თებერვლიდან ობიექტების თვითნებურად გახსნისა და მუშაობის განახლების გადაწყვეტილება მიიღო.