თბილისში მოხუცთა პანსიონატის მცხოვრებლებს წიგნები მიუტანეს

საქართველოში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით და საერთაშორისო ორგანიზაცია LitWorld-ისა და თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. თბილისის საკრებულომ წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ხანდაზმულთა მუნიციპალური პანსიონატის ბენეფიციარებს სამეცნიერო და მხატვრული ლიტერატურა გადასცა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ინიციატივით ჩატარდა. უწყების მიერ ერთი წლის განმავლობაში შეგროვებული მაკულატურა წიგნებზე გადაიცვალა, რომელიც მოხუცებულთა სახლს გადაეცა. 

კომისიის თავმჯდომარის თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, პანსიონატში მცხოვრებმა მოხუცებმა სასურველი ლიტერატურა წინასწარ თავად დაასახელეს.

„ჩემი დიდი სურვილი იყო, რომ წიგნის საჯაროდ კითხვის დღე 2021 წელს განსხვავებულად აღგვენიშნა და გაგვეხარებინა ის ხალხი, ვისაც განსაკუთრებულად სჭირდება საზოგადოების ზრუნვა და ყურადღება. ამიტომ მათი სურვილისამებრ შევიძინეთ უახლესი გამოცემები - მხატვრული ლიტერატურა და ლექსიკონები“, – განაცხადა ნიბლოშვილმა.

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კომპანია LitWorld-ის ინიციატივით 2010 წლიდან აღინიშნება. ღონისძიება ყოველწლიურად მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და 31 მილიონზე მეტ კითხვის მოყვარულს აერთიანებს. საქართველო ამ დღესასწაულს 2016 წელს შეუერთდა.