"ქართული მარშის" მხარდამჭერები პრეზიდენტის რეზიდენციაში შეჭრას ცდილობდნენ

„ქართული მარშის“ მხარდამჭერები და პოლიცია დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდნენ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც ორგანიზაცია პრეზიდენტის რეზიდენციასთან მართავდა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო ადგილიდან.
Sputnik

„ქართული მარშის“ მხარდამჭერები ჭიშკრის გახსნას და რეზიდენციის ტერიტორიაზე შესვლას შეეცადნენ. საქმეში პოლიცია ჩაერია. „მარშის“ ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს, რის შემდეგაც მხარდამჭერებმა მისი პოლიციისგან დახსნა სცადეს. ამას ახალი შეხლა–შემოხლა მოჰყვა. დაკავებული პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მას მომიტინგეების ნაწილიც გაჰყვა.

„ქართული მარშის“ 100-მდე წარმომადგენელი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რეზიდენციასთან შეიკრიბა მას შემდეგ, რაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს. ისინი სწორედ პრეზიდენტს ადანაშაულებენ იმაში, რომ აზერბაიჯანი ახლა სამონასტრო კომპლექსის ნაწილს აკონტროლებს.

იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება საკითხის მოსაგვარებლად მოქმედებას არ დაიწყებს, „ქართული მარში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით იმუქრება.