ქართული ფილმი „დასაწყისი" ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა

„დასაწყისი” გადაღებულია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში – ლაგოდეხსა და მის ირგვლივ სოფლებში და შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
Sputnik

თბილისი, 3 თებერვალი - Sputnik. ქართველი რეჟისორის, დეა კულუმბეგაშვილის ფილმი „დასაწყისი" ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო ფილმის ჯილდოს მფლობელი გახდა, იუწყება ეროვნული კინოცენტრი.

ტრიესტეს საერთაშორისო კინოფესტივალის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ მიმდინარეობდა. ფესტივალი 1989 წლიდან იმართება და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში წამყვანი იტალიური ფესტივალია.

ქართულ დრამას „დასაწყისი“ „ოსკარის“ ნომინაციაზე წარდგენას უწინასწარმეტყველებენ

ფილმს „დასაწყისი“ 2020 წელს საერთაშორისო კინოფესტივალებზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

დეა კულუმბეგაშვილის სრულმეტრაჟიანმა სადებიუტო მხატვრულმა ფილმმა ერთბაშად ოთხი მთავარი ჯილდო დაიმსახურა პრესტიჟულ სან-სებასტიანის საერთაშორისო კინოფესტივალზე, მიიღო ტორონტოს კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ასოციაციის პრიზი, თავად რეჟისორი კი Special Cannes 2020-ის ჟიურის წევრად გამოცხადდა.

ასევე, ფილმი ავტორიტეტულმა პორტალმა IndieWire  იმ 15 საუკეთესო საერთაშორისო კინოსურათს შორის დაასახელა, რომლებიც შეიძლება „ოსკარის“ ნომინანტები გახდნენ.

დრამა „დასაწყისი“ - საქართველოსა და საფრანგეთის ერთობლივი ნამუშევარია. ფილმი მოგვითხრობს იეღოვას მიმდევართა ერთი ჯგუფის ისტორიას, რომელიც პროვინციულ ქალაქში ექსტრემისტული დაჯგუფების მხრიდან თავდასხმას განიცდის. მთავარი გმირი იანა ერთ-ერთი იეღოველის მეუღლეა. მისთვის ნაცნობი სამყარო კონფლიქტის შედეგად ნელ-ნელა იმსხვრევა. იანას შინაგანი მღელვარება ძლიერდება, როდესაც იგი საკუთარი სურვილების გაანალიზებას იწყებს.

ფილმში როლებს ასრულებენ ია სუხიტაშვილი, კახა კინწურაშვილი და ლაშა ონელი.