მანდატების შენარჩუნება ოპოზიციისთვის – ახალი შანსი თუ კონსტიტუციის დარღვევა

რა ვითარებაა დღეს პარლამენტში და იპოვის თუ არა მმართველი ძალა გამოსავალს შექმნილი სიტუაციიდან – „Sputnik–საქართველოს“ ავტორი გვიამბობს.
Sputnik

ის, რომ პარლამენტი საპარლამენტო რესპუბლიკაში და COVID-19-ის გამო ისედაც მძიმე მდგომარეობაში არსებულ რეალობაში ეფექტურად უნდა ფუნციონირებდეს, სადავო ნამდვილად არ არის. არც ისაა უცხო ხილი და ახალი ამბავი, რომ ოპოზიცია პარლამენტის ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა. ოპოზიციის ეფექტურობაზე კი დიდადაა დამოკიდებული – როგორ ფორმაში იქნება ხელისუფლება, რადგან სწორედ პარლამენტში, ანუ იდეების სამჭედლო ორგანოში უნდა ხდებოდეს როგორც საგარეო და საშინაო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტების, ასევე ეკონომიკური წინსვლისა და კრიზისის დაძლევის გეგმების განხილვა.

NDI-სა და „ქართული ოცნების“ ომი დასრულდა – კვლევითმა ორგანიზაციამ მისი წარმატება აღიარა

საქართველოს პარლამენტში კი ერთი შეხედვით მეტად უცნაური ვითარებაა შექმნილი. ჯერ ერთი იმით, რომ უმრავლესობა მაჟორიტარების ხარჯზე შექმნა მმართველმა პარტიამ, რომელმაც, სამწუხაროდ, ვერ მიიღო არჩევნებში მონაწილე ადამიანების ხმების თუნდაც 50%-ს პლუს ერთი ხმა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ რებრენდინგი არა მარტო „ნაციონალურმა მოძრაობამ“, არამედ „ქართულმა ოცნებამაც“ უნდა შესთავაზოს საზოგადოებას. მეორე მხრივ, ოპოზიცია, რომელმაც მანდატები მოიპოვა, არ შედის პარლამენტში და, უფრო მეტიც, ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. დღეს, მართალია, კომენდანტის საათისა და ზამთრის აპათიის გამო ხალხი გაჩერებულია, მაგრამ თუ მიხეილ სააკაშვილის გეგმა განხორციელდა და მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობების გამო ხალხი ქუჩაში გამოვიდა, მათ უკვე ჰყავთ წინამძღოლი „ნაცმოძრაობის“ სახით. ანუ სააკაშვილი და მისი გარემოცვა ვითარების უფრო დაძაბვას და „ვარდების რევოლუციის“ გამეორებას არ გამორიცხავენ. თუმცა მას ეშლება ერთი რამ – ახლა ხელისუფლებაში 30 წელი ნაპირველპირალი და მცხოვანი შევარდნაძე კი არა, ახალგაზრდა და ამბიციური კადრები დარჩნენ, რომელთაც აღარ აქვთ შემაკავებელი ბერკეტი ივანიშვილის სახით, რომელიც მაინც გარანტი იყო ხისტი, ახალგაზრდული გადაწყვეტილებებისგან.

ხელისუფლება და ოპოზიცია მესამე ძალის მოლოდინში

სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური ელიტა დამოუკიდებლობის 30 წლისთავზეც ახალგაზრდული ვნებებით არსებობას განაგრძობს და ნაკლებად შეიმჩნევა დაღვინებული გადაწყვეტილებები – როგორ იქნება უკეთესი ქვეყნისთვის.

არსებული რადიკალიზაცია, ექსპერტების აზრით, ყველაზე მეტად ხელს მაინც „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს, რადგან ისინი ამით ოპოზიციურ ველს ისუფთავებენ. მხოლოდ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის, ან „ევროსოციალისტი“ ფრიდონ ინჯიას შესვლა პარლამენტში ვერ ცვლის საერთო სურათს. დანარჩენი ოპოზიცია რეალურად სააკაშვილის სტრატეგიის ქვეშაა გაერთიანებული და, დიდი ალბათობით, ამ მოჯადოებული წრიდან თავის დაღწევას ვერც ადგილობრივი არჩევებისთვის მოახერხებენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ განხორციელდა, საკრებულოებში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ნაცმოძრაობა“ იქნებიან წარმოდგენილი.

ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ჩაგდებით კონსტიტუცია დაარღვია. იურისტი ლევან ალაფიშვილი არ გამორიცხავს, რომ ამის გამო 51 დეპუტატიდან რამდენიმემ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს, სადაც პროცესი, სავარაუდოდ, დროში გაიწელება. კონსტიტუციის დარღვევას უმრავლესობას მისი ყოფილი წევრი ეკა ბესელიაც ედავება და თვლის, რომ იძულებით საპარლამენტო მანდატის ფლობა ნონსენსია...

როგორც პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, ელისაშვილისა და იოსელიანის გარდა კიდევ 20-მდე დეპუტატს სურდა პარლამენტში შესვლა, თუმცა ისინი ოპოზიციურ ერთობას და „ნაცმოძრაობას“, როგორც ჩანს, „ვერ გადაახტნენ“.

ბიძინა ივანიშვილის არჩევანი: წასვლა-არწასვლა – საკითხავი, აი, ეს არის

არადა, სწორედ 113 ხმაა საჭირო იმისთვის, რომ საარჩევნო კოდექსში ცვლილებები განხორციელდეს და საარჩევნო ბარიერი 3 პროცენტამდე შემცირდეს, ასევე გაიზარდოს საარჩევნო ადმინისტრაციებზე ოპოზიციის გავლენა. ესაა კონსტრუქციული გზა, რომელიც ქვეყანას დასჭირდება მეტი სტაბილურობისათვის. ვნახოთ, შეძლებენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია საერთო ენის გამონახვას ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, რაც ქვეყანას წაადგება.