თბილისი, 2 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში ინტენსიური ტესტირების პირველი ეტაპი დასრულებულია - ჯამში ჩატარდა 11. 944 ტესტი, საიდანაც დადებითი არის მხოლოდ 194 პასუხი, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.
„მოცემული პირების მდგომარეობა სტაბილურია, მათი უმეტესობა ე.წ. უსიმპტომო პაციენტები არიან, ხოლო ნაწილს სუსტად გამოვლენილი სიმპტომები აქვს. ისინი დაწესებულების მედპერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან და იზოლირებულები არიან დაწესებულების დანარჩენი კონტიგენტისგან. თუ დადგა მსჯავრდებულის/მსჯავრდებულების ჰოსპიტალიზაციის საჭიროება, პენიტენციური სამსახური მათ ჰოსპიტალიზაციას და შესაბამისი სამედიცინო მომსახურების მიწოდებას უზრუნველყოფს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აცხადებენ, განმეორებითი PCR ტესტირება (ორი კვირის შუალედით) უკვე ჩატარდა ცხრა პენიტენციურ დაწესებულებაში. N5 (ქალთა) დაწესებულებაში ტესტირება უკვე მესამედ ჩატარდა - ჯამში 2.988 ტესტი. აქედან კორონავირუსი დაუდასტურდა 26 პატიმარს, აქედან 23 გამოჯანმრთელდა.
სპეციალური პენიტენციური სამსახური განაგრძობს პატიმრების ინტენსიურ ტესტირებას. ვირუსით ინფიცირების შემთხვევების გამოვლენის მიუხედავად, პენიტენციურ სისტემაში სიტუაცია მთლიანად კონტროლს ექვემდებარება, აღნიშნავენ უწყებაში.