ერევანი ბაქოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის

სომხეთის ხელისუფლება აზერბაიჯანს ადამიანის არაერთი კონვენციური უფლების დარღვევაში სდებს ბრალს მთიან ყარაბაღში მიმდინარე ბრძოლებისას.
Sputnik

თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. სომხეთის ხელისუფლებამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში აზერბაიჯანის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“.

„ეს პირველი სახელმწიფოთშორისი საჩივარია, რომელიც სომხეთმა შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში“, — ნათქვამია სომხეთის მთავრობის განცხადებაში.

ერევანი ბაქოს მთიან ყარაბაღში 44-დღიანი ომის პერიოდში კონვენციების დარღვევაში ადანაშაულებს.

კერძოდ, სომხეთის მთავრობა აცხადებს, რომ აზერბაიჯანმა დაარღვია მთიანი ყარაბაღის მოსახლეობის სიცოცხლის, ხელშეუხებლობის, ქონების, პირადი და ოჯახური ცხოვრების, განათლების, წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაცვისა და რიგი სხვა კონვენციური უფლებები.

ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგის რუსულ-თურქულმა ცენტრმა მუშაობა დაიწყო

სარჩელში ასევე წამოწეულია სამხედრო და სამოქალაქო ტყვეების, მთიანი ყარაბაღიდან გადასახლებული პირების, დაჭრილებისა და დაღუპულთა ოჯახების, ადგილობრივი და საერთაშორისო მედიასაშუალებების წარმომადგენელთა უფლებების დაცვის საკითხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მთავრობამ სარჩელს თან დაურთო მტკიცებულებათა პაკეტი, უახლოეს პერიოდში კი სასამართლოს დამატებითი მტკიცებულებები კიდევ წარედგინება.  

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი გასული წლის 27 სექტემბერს განახლდა. ერევანმა და ბაქომ ესკალაციაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. 9 ოქტომბერს მოსკოვში რუსეთის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები — სერგეი ლავროვი, ზოგრაბ მნაცაკანიანი და ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვდნენ მთიანი ყარაბაღის თემაზე მოსალაპარაკებლად. დაახლოებით ათსაათიანი მოლაპარაკებების შედეგად მხარეები ცეცხლის ჰუმანიტარულ რეჟიმში შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რაც ძალაში 10 ოქტომბრის დღის 12 საათზე შევიდა. მიუხედავად ამისა, საომარი მოქმედებები არ შემწყდარა, რაშიც კონფლიქტის მხარეები კვლავ ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 

მხარეებს ჰუმანიტარული დაზავების მორიგი მცდელობა 18 და 26 ოქტომბერს ჰქონდათ, თუმცა უშედეგოდ. საბოლოოდ აზერბაიჯანი და სომხეთი, რუსეთის შუამავლობით, 10 ნოემბრიდან სამხედრო მოქმედებების სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.