რამდენიმე ქართველმა მძღოლმა ირანის საზღვარი დატოვა

გასული კვირის ბოლოს ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაახლოებით 40 სატვირთო ავტომობილის ქართველი მძღოლი რჩებოდა
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი - Sputnik. რამდენიმე ტრაილერმა, რომლებსაც ქართველი მძღოლები მართავენ, ირანი-აზერბაიჯანის საზღვარი გადაკვეთა, ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ირანში საქართველოს საკონსულოს მონაცემებით, საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების საკითხთან დაკავშირებით ირანულ მხარესთან გრძელდება ინტენსიური მუშაობა. 30 იანვარს ირანის საზღვარზე გაჩერებული კიდევ შვიდი სატვირთო ავტომობილის მძღოლი გამოუშვეს.

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში შეხვედრებს მართავს

უწყების ცნობით, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს კონსულმა, გიორგი სახლთხუციშვილმა შეხვედრა გამართა ტრანზიტისა და საერთაშორისო გადაზიდვების დეპარტამენტის დირექტორთან, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საზღვარზე შეჩერებული ქართველი მძღოლების სამშობლოში დროულად დაბრუნების შესაძლებლობები.

„აღსანიშნავია, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლობა რჩება მუდმივ კავშირზე მძღოლებთან და ინფორმირებულია მათი მდგომარეობის შესახებ, ისევე როგორც მათი ოჯახის წევრებთან.  აღსანიშნავია რომ საზღვარზე შეჩერებული მანქანების ეტაპობრივი გამოშვება ირანულმა მხარემ გასულ კვირას დაიწყო“, - ნათქვამია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

გასული კვირის ბოლოს ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარზე დაახლოებით 40 ქართველი მძღოლი რჩებოდა. ირანულმა მხარემ განაცხადა, რომ ყველა მანქანა ეტაპობრივად დატოვებს საზღვარს.