არა ხელოვნურ განაყოფიერებას: საფრანგეთში მანიფესტაციები გაიმართა – ვიდეო

ლიონში დემონსტრანტებსა და პოლიციელებს შორის შეჯახება მოხდა, რის შემდეგაც სამართალდამცველებმა მანიფესტანტები ცრემლსადენი გაზით დაშალეს.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი — Sputnik. საფრანგეთის ქალაქებში კვირას ხალხმრავალი საპროტესტო აქციები გაიმართა ბიოეთიკის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მარტოხელა და ერთნაირსქესიან ადამიანებს, მამის არარსებობის შემთხვევაში, რეპროდუქციულ ტექნოლოგიებზე წვდომის უფლებას ანიჭებს, იუწყება Le Point.

აქციის ორგანიზატორი იყო ასოციაცია La Manif pour Tous („მანიფესტაცია ყველასთვის“).   

​გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი მიტინგი პარიზში გაიმართა, სადაც 5 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა ჯანდაცვის სამინისტროს წინ და ხელისუფლებას კანონპროექტზე უარის თქმა მოსთხოვა.

აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებს შორის არ იყო ერთიანობა: ერთნი მიიჩნევენ, რომ ხელოვნური განაყოფიერება საერთოდ უნდა აიკრძალოს, ხოლო მეორენი ფიქრობენ, რომ დაქორწინებულ ქალსა და მამაკაცს პროცედურის ჩატარების უფლება უნდა მიენიჭოს.

ლიონში გამართულ საპროტესტო აქციაზე, სადაც 3 ათასამდე ადამიანი იყო შეკრებილი, დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეჯახება მოხდა. სამართალდამცველები იძულებული იყვნენ ცრემლსადენი გაზი გამოეყენებინათ ქალაქის ქუჩებში წესრიგის აღსადგენად.

​გარდა პარიზისა და ლიონისა, ბიოეთიკის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები გაიმართა სტრასბურგში, დიჟონში, ბორდოში, ლილში, კონიაკსა და სხვა ქალაქებში.

გავრცელებული ინფორმაციით, საფრანგეთის სენატში ბიოეთიკის შესახებ კანონპროექტის განხილვა მეორე მოსმენით 2 თებერვალსაა დანიშნული. ამ დროისათვის ქვეყანაში მოქმედი კანონის თანახმად, მარტოხელა და ერთნაირსქესიან ადამიანებს ხელოვნური განაყოფიერების ჩატარება ეკრძალებათ. იმისათვის, რომ პროცედურაზე უფლება მიიღოს, ოჯახური წყვილი ორი წლის განმავლობაში მაინც უნდა ცხოვრობდეს ერთად.