პენიტენციურ დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნის უფლება დღეიდან აღდგა

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, დღეიდან ქვეყნის მასშტაბით იხსნება რიგი შეზღუდვები, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის გამო გასული წლის 28 ნოემბერს დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი ბრალდებულ/მსჯავრდებულებისთვის პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული ხანმოკლე პაემნის უფლება დღეიდან აღდგება, იუწყება სპეციალური პენიტენციური სამსახური.

ქსნისა და გლდანის ციხეებში კორონავირუსის 78 შემთხვევა დაფიქსირდა>>

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 28 ნოემბრიდან პენიტენციურ სისტემაში მოქმედი განსაკუთრებული პირობების ფარგლებში ხანმოკლე პაემნები დროებით იყო გაუქმებული.

საქართველოში პატიმართა ინტენსიური PCR–ტესტირება გრძელდება

„ამ ეტაპზე პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, მოცემული შეზღუდვა 1 თებერვლიდან მოიხსნას“, – აღნიშნულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.

სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულ/მსჯავრდებულების ინტენსიურ PCR–ტესტირებას 2020 წლის დეკემბრიდან აწარმოებს. რაც შეეხება ციხის თანამშრომლებს, ისინი სამუშაო ადგილებზე აღჭურვილი არიან პირბადით, ხელთათმანებითა და ბახილებით, მათ PCR–ტესტირება უტარდებათ კვირაში ერთხელ, ხოლო სწრაფი ტესტი – 72 საათში ერთხელ.

საქართველოში გასული წლის 28 ნოემბრიდან რთული ეპიდვითარების გამო ახალი შეზღუდვები მოქმედებს, რომლებიც დღეიდან ეტაპობრივად იხსნება.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 258 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, მათგან 249 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 3 178 პაციენტი.