ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატებმა სასამართლოში საჩივარი შეიტანეს: რას ასაჩივრებს ოჯახი

პროკურატურის ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა, მიუღებელია გარდაცვლილი პროგრამისტის ოჯახისთვის. ისინი საქმის სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრებას აპირებენ.
Sputnik

თბილისი, 1 თებერვალი – Sputnik. გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებმა და ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში საჩივარი შეიტანეს, იუწყება „პირველი არხი“.

ოჯახის ადვოკატები საქმის ხელახალ გამოძიებას და გარდაცვლილის მამის ჯუმბერ ბაჩალიაშვილისთვის დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ. 

თამარ ბაჩალიაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, საქმე დახურულია – პროკურატურა

აღნიშნული საჩივრით რამდენიმე დღის წინ ბაჩალიაშვილების ოჯახმა პროკურატურას მიმართა, მაგრამ მათი საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, თუ მათ საჩივარს სასამართლო არ დააკმაყოფილებს, ისინი სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

„ქალაქის პროკურატურამ ჩვენი საჩივარი არ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოში სწორედ პროკურატურის აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ვაპირებთ. საჩივარში დავაფიქსირეთ, რომ აღნიშნული დადგენილება არის უკანონო და საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა. ვიმედოვნებ, მოსამართლე გაითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ თუ საქმე ძიებაში არ დაბრუნდება, იგი სტრასბურგში გასაჩივრდება. შესაბამისად, ყველასთვის ნათელი იქნება ის უკანონობა, რომელიც დღემდე მიმდინარეობს“, – განაცხადა ადვოკატმა.

თამარ ბაჩალიაშვილი ხუთდღიანი ძებნის შემდეგ 2020 წლის 22 ივლისს საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ გოგონამ თავი მოიკლა, თუმცა ოჯახს უწყების ამ ვერსიის არ სჯერა.

პროკურატურა აცხადებს, რომ ბაჩალიაშვილი ხშირად ფიქრობდა თვითმკვლელობაზე, რასაც ადასტურებს ერთ-ერთ სოციალურ ქსელში ჩაწერილი შეტყობინება, ასევე Google-ის საძიებო სისტემაში სუიციდის სხვადასხვა მეთოდების შესახებ ინფორმაციის მოძიება, YouTube არხზე ატვირთული პირადი ვიდეოები, მათ შორის, მის კუთვნილ მობილურ ტელეფონში არსებული ვიდეოჩანაწერები, სადაც იგი საკუთარ თავს ესაუბრება; ასევე მან თავად შეიძინა მოგვიანებით მის ორგანიზმში აღმოჩენილი სამედიცინო პრეპარატები და ა.შ. 

„კმაყოფილი ხარ?“ – პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის სასიყვარულო წერილებს ასაჯაროებს

უწყების ინფორმაციით, გამოძიების მსვლელობისას საქმეზე გამოიკითხა 600-ზე მეტი პირი, ჩატარდა ათეულობით საექსპერტო კვლევა, დამუშავდა და გაანალიზდა ასეულობით საათის ვიდეოჩანაწერები, საკომუნიკაციო ოპერატორებისგან მიღებული ინფორმაცია ათასობით სატელეფონო აქტივობის შესახებ, აღდგენილი და შესწავლილ იქნა თამარ ბაჩალიაშვილის ტელეფონსა და კომპიუტერში არსებული ყველა ინფორმაცია; ასევე Facebook-დან და Instagram-დან გამოთხოვილი იქნა ამ სოციალურ ქსელებში თამარ ბაჩალიაშვილის პირად ანგარიშებთან დაკავშირებული სრული ინფორმაცია.

ცნობილია ასევე, რომ 2020 წლის თებერვალში თამარ ბაჩალიაშვილი ფსიქოლოგთან კონსულტაციებზე დადიოდა. ასევე 23 წლის პროგრამისტი Google-ის საძიებო სისტემაში ეძებდა პრეპარატებს, რომლებიც დოზის გადამეტების შემთხვევაში გულის გაჩერებას იწვევს. გაუჩინარებამდე რამდენიმე დღით ადრე მან ინტერნეტში მოიძია ინფორმაცია თვითმკვლელობის მეთოდების შესახებ.

საქართველოს პროკურატურის მიერ 2020 წლის 17 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებები ცხადყოფს, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მიმართ დანაშაულის ჩადენას ადგილი არ ჰქონია და მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება შეწყდა.