სამეგრელოში განზრახ მკვლელობის ორი მცდელობა მოხდა: დაჭრილია 5 ადამიანი

შინაგან საქმეთ სამინისტროს თანამშრომლებმა მარტვილსა და სენაკში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 28 და 56 წლის მამაკაცები დააკავეს
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. პოლიციამ დედის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით მარტვილში ერთი პირი დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

კრიმინალი საქართველოში: შსს ახალ სტატისტიკას აქვეყნებს >>

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მამაკაცმა საკუთარ დედას - 1970 წელს დაბადებულ რ.თ.-ს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მუცლის არეში ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

პოლიციამ 28 წლის მამაკაცი მომხდარიდან რამდენიმე საათში მარტვილში დააკავა. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს სენაკშიც.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში, სანადირო თოფიდან გასროლით ოთხი ადამიანი დაჭრა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, სამი კაცი გაშველებისას დაიჭრა, მათ შორის ბრალდებულის ძმა. ორი დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა.

სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. 

56 წლის მამაკაცს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.