„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები წარადგინა

საქართელოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებული ყოფილი მმართველი პარტიის რიგებს 12 ახალი სახე შეემატა.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი ― Sputnik. საქართველოს უმსხვილესმა ოპოზიციურმა პარტიამ, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ პარტიის ახალი წევრები დაასახელა.

ახალი წევრები პარტიის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ წარადგინა. „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი წევრები არიან:

  • ბარბარა ჯიმელი-სულაშვილი;
  • რეზო ჩომახიძე;
  • ანა გოგოლაძე;
  • სოფო ჯაფარიძე;
  • ნონა მამულაშვილი;
  • ზვიად ქვლივიძე;
  • გიორგი თარგამაძე;
  • მანუჩარ ახალაია;
  • გიორგი ჩალაძე;
  • ნიკა ობოლაძე;
  • ბაჩო დოლიძე;
  • გიორგი ხვედელიანი.

როგორც ნიკა მელიამ განაცხადა, პარტიის ახალი წევრები სხვადასხვა მიმართულებით იმუშავებენ. პარტიის Facebook-გვერდზე ატვირთულია ვიდეორგოლი, რომელიც საზოგადოებას პარტიის ახალ წევრებს აცნობს.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ გველოდება კიდევ უფრო მეტი სასიამოვნო სიახლე, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს კონკრეტულ სიკეთეს, განვითარებასა და წარმატებას. დღეს აქ, ანუ ძველი გუნდის გარდა, არის ხალხი, რომელიც დღემდე უბრალოდ მხარდამჭერი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, მაგრამ დღეიდან მათ ჩათვალეს, რომ მოქმედების დროა, რომ მათი კვალიფიკაცია უნდა მოხმარდეს ჩვენს სახელმწიფოს. მათი ძალისხმევით უნდა მოხდეს საქართველოს უკეთესი მომავლის უზრუნველყოფა, მაგრამ ამავე დროს, აქ არის ხალხი, რომელთა დიდი ნაწილი ცოტა ხნის წინ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდებოდა. ვერც ჩვენ წარმოვიდგენდით, რომ ერთი გუნდი გავხდებოდით, მაგრამ ჩვენ გავერთიანდით, რადგან ახლა ყველა ერთად ვფიქრობთ, რომ საქართველოს განვითარების მიმართულებით ყველაზე სწორად და ყველაზე სწრაფად ჩვენი გუნდი მოძრაობს. ასე რომ, საქართველოს უკეთესი მომავალი იქმნება აქ“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ნიკა მელია „ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარედ გასული წლის 27 დეკემბერს პარტიის ყრილობაზე აირჩიეს.

პარტიის თავმჯდომარის კანდიდატურა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ყოფილმა თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ 15 დეკემბერს ყველასთვის მოულოდნელად პარტიიდან წასვლის შესახებ განცხადება გააკეთა.