დასტური მიღებულია: ვაქცინის პირველი პარტიის მოცულობა და შემოსვლის ვადა ცნობილია

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოში ვაქცინის პირველი პარტია თებერვლის შუა რიცხვებიდან შემოვა
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია 29 250 ერთეულის ოდენობით, თებერვლის შუა რიცხვებიდან შემოვა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.

საქართველო მოსახლეობის ვაქცინაციისთვის ემზადება და ვაქცინის თებერვლის ბოლოსთვის მიღების იმედი აქვს. ამ ეტაპზე საუბარია COVAX–პლატფორმის მეშვეობით Pfizer-ისა და AstraZeneca-ს შემოტანაზე. COVAX–პლატფორმით საქართველომ ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის – 700 ათასი ადამიანისთვის შეუკვეთა. ქვეყანამ უკვე გადაიხადა 4 მლნ დოლარი.

„ჯანდაცვის სამინისტრომ დღეს მიიღო ოფიციალური დასტური იმის თაობაზე, რომ თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე ქვეყანაში შემოვა Pfizer-ის ვაქცინების პირველი პარტია - 29 250 ერთეულის ოდენობით, რაც განკუთვნილი იქნება ჯანდაცვის სფეროს მუშაკებისთვის“, - განაცხადა გაბუნიამ.
გახარია: Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა

საქართველოს მთავრობამ 21 იანვარს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.

„ძალიან დიდი მიღწევაა ის, რომ ქვეყანა პირველ დოზებს მიიღებს იმაზე ადრე, ვიდრე ეს ბევრ სხვა ქვეყანაში მოხერხდა. ძალიან მალე დავიწყებთ ვაქცინაციის პროცესს და შემდეგ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დამატებითი დოზების მობილიზებაც მოხდება ცნობილი ვაქცინებიდან“, - განაცხადა გაბუნიამ.

საქართველოს მთავრობის მიერ ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ  75 წელს ზემოთ პირები,  65–დან 74 წლამდე პირები, 55–დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.

საქართველოს ვაქცინაციის ეროვნული გეგმა ითვალისწინებს 2021 წლის ბოლომდე 18 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეთა 60%-ის აცრას. ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.