ბათუმში ხვალიდან ტრანსპორტი ამუშავდება - მერია მზადყოფნაშია

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში კორონავირუსით ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, რეგიონში რიგი შეზღუდვები იხსნება.
Sputnik

თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. საზოგადოებრივი ტრანსპორტი 1 თებერვლიდან მუშაობის გასაახლებლად მზადაა, იუწყება ბათუმის მერია. 

ბათუმში მუნიციპალურ ავტობუსებს და საქალაქო მარშრუტებზე მოძრავი მიკროავტობუსებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდათ. სპეციალური ხსნარით  მუნიციპალური ავტობუსების მოსაცდელებიც დამუშავდა.

მერიის ინფორმაციით, სადეზინფექციო ღონისძიებები ტრანსპორტში ყოველდღიურად განხორციელდება.

მუნიციპალურ ავტობუსებში ასევე არის განთავსებული დისპენსერები, ხოლო ელექტრო ავტობუსებში დამატებით, თერმოსკრინინგის აპარატები.

ავტობუსები ქალაქში ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 07:00-დან საღამოს 21:00 საათამდე, მიკროავტობუსები კი, დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე იმოძრავებს. გაზრდილი მობილობის კომპენსირების მიზნით, თებერვლის განმავლობაში მუნიციპალური ტრანსპორტი შაბათ-კვირას არ იფუნქციონირებს.

ბათუმის მერიამ შეახსენებს მოსახლეობას, რომ აკრძალულია საზოგადოებრივ ტრანსპორტში პირბადის გარეშე ასვლა და ფეხზე დგომით მგზავრობა.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო 28 ნოემბრიდან მკაცრი შეზღუდვები მოქმედებს. კერძოდ, აუცილებელია პირბადის ტარება ქუჩაში, შეზღუდულია გადაადგილება 21:00-დან 05:00 საათამდე, დაკეტილია რესტორნები, კაფეები და ა.შ. შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად 1 თებერვლიდან დაიწყება.

იმის გათვალისწინებით, რომ აჭარაში ინფიცირების დადებითობის 7 დღის საშუალო მაჩვენებელი 4%-ზე დაბალია, რეგიონში 1 თებერვლიდან კვების ობიექტებში ღია სივრცეებში სტუმრების მიღება დაიშვება.