​ამონაშვილი: სხვა ჯიშის ბავშვები იბადებიან ახლა და მათ სხვანაირი მშობლები უნდათ

მთელ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ოჯახების ცხოვრება. მშობლები არაერთი გამოწვევის წინაშე დადგნენ. გამკლავება უწევთ ბევრ ცვლილებასთან - ონლაინ სწავლება, დისტანციური მუშაობა, ბავშვის ჩართვა შემეცნებით აქტივობებში და ა.შ, რაც არც ისე მარტივია...
Sputnik

იმისათვის, რომ ბავშვზე შიდაიზოლაციის რთული და დამღლელი პერიოდი უარყოფითად არ აისახოს, მშობელს დიდი დაფიქრება, მოთმინება და ძალისხმევა მართებს. პანდემიის პერიოდში, ბავშვებში კომპიუტერის გამოყენება თითქმის უკონტროლო გახდა. სწავლის პროცესი ონლაინ მიმდინარეობს, ამასთან ბავშვები ვეღარ ახერხებენ მეგობრებთან სტუმრობას, გართობას, მოკლებული არიან სოციალურ აქტივობებს, შესაბამისად დღის განმავლობაში მთავარი გასართობიც კომპიუტერი გახდა. მისი ხშირი გამოყენება კი მოგეხსენებათ მიჯაჭვულობას იწვევს.

დღეს ბევრი მშობელი ჩივის, რომ მის შვილს ადამიანებთან ურთიერთობის კომპლექსი გაუჩნდა, მეტად ჩაკეტილი გახდა და მეტიც, საკუთარი ოთახიდან გამოსვლა და ოჯახის წევრებთან ურთიერთობაც აღარ სურს. ამ და სხვა საჭირბოროტო საკითხზე აკადემიკოსმა, პედაგოგმა და ფსიქოლოგმა შალვა ამონაშვილმა ფეისბუქ გვერდზე მშობლებს სასარგებლო რჩევები გაუზიარა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

​ამონაშვილი: სხვა ჯიშის ბავშვები იბადებიან ახლა და მათ სხვანაირი მშობლები უნდათ

- ჩვენთვის ეს პანდემია გამოცდაა. რაშია ჩვენი გამოცდა? ადამინობაში, მოქალაქეობაში, ჩვენი სიყვარულის გამოცდაცაა, როგორ შეგვიძლია, რომ ერთმანეთს გავუძლოთ. ერთია, როცა ხანდახან ხვდები ადამიანს და გიხარია, მაგრამ როცა ხანგრძლივად ხართ ერთად, მაშინ შესაძლოა ოჯახის წევრების ხასიათები ყოველმხრივ არ შეეწყოს ერთმანეთს. ამრიგად ეს არის ჩვენი გამოცდა, რომელიც წარმატებით უნდა ჩავაბაროთ.

წარსულის გაცოცხლება, „ბიჭუნეები“ და რაჭული სიმღერებით შესწავლილი სიყვარული

ჩემო ძვირფასებო, ახლა ისეთი დრო დაგვიდგა, ​როდესაც ბავშვი უფრო დიდხანს არის სახლში. ვუყურებთ როგორ მიეჯაჭვა კომპიუტერს, როგორ იქცევა და ა.შ. ბავშვიც უფრო დიდხანს შემოგვყურებს ჩვენ. ერთად ვართ, ერთ პატარა შემოფარგლულ სივრცეში ალბათ ორი, სამი ბავშვი, მშობლები, შეიძლება ბებია-ბაბუაც გვყავს და აი ეს ერთობის სიძნელე რაღაც პრობლემად იქცევა ჩვენთვის. ბავშვები ისე არ იქცევიან, როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ ბავშვებს რომ ჰკითხოთ, არც მშობლები იქცევიან ისე, როგორც მათ უნდათ. რა გავაკეთოთ ჩვენ, ვისარგებლოთ ამ მდგომარეობით თუ ჩავყვეთ, რაც არის ეს არის?! უნდა ვისარგებლოთ, რასაკვირველია.

პირველ რიგში, რას გირჩევდით, იცით?! გააცანით თქვენი თავი თქვენს შვილებს. გგონიათ, რომ თქვენი შვილები გიცნობენ თქვენ? რას ფიქრობთ, როგორ ცხოვრობთ, რა განცდები გაქვთ, საითკენ გინდათ წაიყვანოთ ოჯახი, ​ცხოვრებისგან რა გინდათ მიიღოთ, რას ვერ იღებთ და რა წარმატებას ელით, გგონიათ, რომ ეს იციან თქვენმა ბავშვებმა?! მათ ეს არ იციან. იციან, რომ მამა ხარ, დედა ხარ, ხან კანფეტებით გაახარებ, ხან საყიდლებით და ა.შ. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა მშობელი სიღრმისეულად გაიცნოს.

ზამთრის ბავშვები: ხასიათი, ჯანმრთელობა და სხვა საინტერესო თავისებურებები

გააცანით თქვენი თავი შვილებს, გაიცნონ თქვენი სიღრმე, თქვენი მშობლები გაიცნონ, თქვენი წარსული გაიცნონ, ფესვები უნდა გაიცნონ, გვარი გაიცნონ თქვენი. მე არ ვიცი ამას როგორ გააკეთებთ. ​ლექციები კი არ უნდა უკითხოთ ბავშვს, მაგრამ რაღაც საუბრები ჩაუტაროთ. ქუჩაში გაისეირნებთ თუ პარკში, ელაპარაკეთ ამაზე ბავშვებს, რომ ბავშვმა პირი დააღოს და თქვას: „მამა, შენ ასეთი რაღაცები გქონია ცხოვრებაში, ასეთი განცდები გქონია?! დედა, რამდენისთვის გაგიძლია შენ თურმე?!“ მამებისთვის ბიჭები პირველი მეგობრები არიან. სხვა მეგობრები, რომლებიც თქვენ გყვანან, მეორადია. დედებისთვის ქალიშვილები პირველი დობილები არიან. სხვა დობილებმა მეორე ადგილზე გადაინაცვლონ.

შალვა ამონაშვილი მშობლებს ურჩევს, ბავშვებს კეთილშობილური ქცევის მაგალითი ხშირად მისცენ.

რა ზიანს აყენებს ბავშვის ორგანიზმს ბევრი ტკბილეული: პედიატრის რჩევები მშობლებს

- არ ეცადოთ, რომ ბავშვი თქვენს ჭკუაზე ატაროთ. ახლა არ მკითხოთ, მაშ თავის ჭკუაზე იაროსო?! ​არც თქვენს ჭკუაზე უნდა ატაროთ ბავშვი და არც თავის ჭკუაზე. მარტო დაანახეთ რაც შეიძლება ბევრი კეთილშობილი ქცევა, დაანახეთ თქვენი მოთმინება, თქვენი სიყვარული, თქვენი განცდები. უჩვენეთ ეს, ნახოს ბავშვმა, როგორ აკეთებთ თქვენ მის მაგივრად საქმეს, როგორ ჩაიკარით თქვენ გულში მისგან შეურაცხყოფა. მან ეს უნდა დაინახოს ბევრი, რომ თავის სინდისს მიადგეს ბოლოს. უცბად კი ვერ მიადგება, ათასი მაგალითი უნდა დაინახოს, ათასჯერ მარცხი უნდა განიცადოს, რომ ერთხელ თქვას, თურმე რა დედა მყოლიაო, სირცხვილი არ არის, ასე რომ ვიქცევიო?! ხდება ხოლმე ასეთი რამ. მე ჩემს ბავშვობაში ეს ბევრჯერ განვიცადე. ამან უფრო გამზარდა, ვიდრე ვიღაცეების თითის ქნევამ. ბავშვები არ ატაროთ თქვენს ჭკუაზე, მათაც მოუსმინეთ, როგორც თქვენ გინდათ, რომ მოგისმინონ. დაჰყევით ზოგჯერ მათ ნებას.

რა დატვირთვა აქვს ბავშვის ცხოვრებაში თოვლის ბაბუას და უნდა სჯეროდეთ თუ არა მისი არსებობა

ბავშვების ხმაურს უნდა გაუძლოთ. როდესაც ორი ბავშვია სახლში, რასაკვირველია, რაღაც ძვრები იწყება. თუ სამია, მთელი მიწისძვრაა. ოთხი და ხუთი ბავშვი თუა, ამოიფრქვევა ყველაფერი. ​ბავშვები იმიტომ კი არ ხმაურობენ და ყვირიან, რომ თქვენ ნერვები მოგიშალონ. ეს მათი ცხოვრების წესია. ამ ცხოვრებაში ისინი ადამიანები ხდებიან. ეს ყველაფერი არ დაიწუნოთ. არ თქვათ: „ახლავე ხმა ჩაიკმიდეთ, ოთახებში შებრძანდით!“ კარგია, რომ მამამ მათთან ერთად იცელქოს, იხმაუროს. დედა ვითომ აწყნარებს. ეს ყველაფერი პედაგოგიკაა. ჩაჰყევით ბავშვების ქცევა-ყოფას, შეერიეთ მათში. ბავშვი გახდით, რომ იმათ მამა დაინახონ თქვენში. ვიდრე თქვენ ბავშვობას არ დაიწყებთ ბავშვთან, ის თქვენ როგორც მამას ვერ დაგინახავთ. იქნებით მხოლოდ კაცი, რომელიც იმუქრება, ბრაზობს და პირველი სიტყვა მასზეა მინდობილი. ასეთ მამას რაღაც დროს შვილი გაექცევა, დაშორდება.

შალვა ამონაშვილის თქმით, ბავშვებთან ერთობლივი საქმიანობა და მათთან ერთად თამაში, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობას აუმჯობესებს.

იმისთვის, რომ თქვენი შვილი ბედნიერი იყოს...

- გამონახეთ ერთობლივი საქმიანობის გზები. თამაშობთ თქვენს შვილებთან ჭადრაკს?! ხან უნდა შეეხვეწო: „​შვილო, დავიღალე, აღარ შემიძლია, მოდი, ჭადრაკი მეთამაშე. დამეხმარე რა, შენი ჭირიმე!“ ვითომ იმას იშველიებთ. გაისეირნეთ ბავშვთან ერთად, მონახეთ რაღაც მშვიდი ადგილი, რაღაც ეჩურჩულეთ ერთმანეთს, რაღაცები გაანდეთ. ერთად გადით სადღაც, დაიკარგეთ ტყეში.

მიხედეთ იმასაც, რამდენად ნამდვილად მამები ხართ და დედები ხართ. ახლანდელი ბავშვი სინათლის ბავშვიაო, იტყვიან ხოლმე. ​სხვა ჯიშის ბავშ​ვები იბადებიან ახლა. ამ სხვა ჯიშის ბავშვებს სხვანაირი მამები და დედები უნდათ. თუ ბავშვს ხშირად უქნევთ თითს, არ ვარგა, თუ ხშირად ეუბნებით: არას, ეს არ ვარგა. საჭიროა მეგობრობა, სულიერი ერთობა. როდესაც სულიერი ერთობა გაქვთ, მამის ნახევარი სიტყვაც კანონი ხდება.