გახარია: Pfizer-ის ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა

საქართველო თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 ათასი დოზის მიღებას ელოდება. ეკონომიკის სრული გახსნისთვის საჭიროა მოზრდილი მოსახლეობის მინიმუმ 60%-ის ვაქცინაცია, რასაც 164 მილიონი ლარი დასჭირდება
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. Pfizer-ის (ამერიკულ-გერმანული წარმოების) ვაქცინის პირველი დოზები საქართველოში თებერვლის ბოლომდე შემოვა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სოციალურ ქსელ Facebook-ში წერს.

საქართველოს მთავრობამ 21 იანვარს COVID-19-ის ვაქცინის დანერგვის ეროვნული გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვით 2021 წლის ბოლომდე საქართველოში მოსახლეობის სულ მცირე 60% უნდა აიცრას.

მთავრობის მეთაურმა საქართველოს უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს  მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ჩვენი ქვეყნისა და პირადად ჩემს მეგობარს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს, ტედროს ადანომ გებრეისუსს  საქართველოს უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის. ეროვნული გეგმის შესაბამისად, ვაქცინის მიღებისთანავე ჩვენი მედპერსონალის ვაქცინაცია დაიწყება. #ვაქცინამუშაობს!“ – წერს გიორგი გახარია.

საქართველოს პირველ ეტაპზე COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის იმ რაოდენობით შეძენის უფლება აქვს, რომელიც მოსახლეობის 20%-სთვის იქნება საკმარისი. ქვეყანამ 1,4 მლნ დოზა ვაქცინის შესაძენად პირველი შენატანი — 4 მლნ დოლარი უკვე განახორციელა. აღნიშნული რაოდენობა 700 ათას ადამიანზეა გათვლილი.

ცერცვაძე: პანდემიის დამარცხება ეფექტიანი ვაქცინაციის გარეშე შეუძლებელია

ვაქცინაციისთვის პრიორიტეტული ჯგუფები უკვე განსაზღვრული და განაწილებულია: პირველ რიგში ჯანდაცვის სფეროს თანამშრომლები, შემდეგ მოხუცებულთა სახლების პერსონალი და ბენეფიციარები (თავშესაფრები და ა.შ.), შემდეგ  75 წელს ზემოთ პირები,  65–დან 74 წლამდე პირები, 55–დან 64 წლამდე პირები, ქრონიკული დაავადებების მქონე 18–დან 54 წლამდე პირები. ამის შემდეგ იგეგმება დანარჩენი მოსახლეობის ვაქცინაცია, მათ შორის მათი, ვინც ვირუსი უკვე გადაიტანა.