შსს-დან სამსახურებრივმა ინფორმაციამ გაჟონა

ერთ-ერთმა თანამშრომელმა პაროლების გენერატორის დახმარებით შსს-ს დახურულ მონაცემთა ბაზაში მოიძია ერთ-ერთი პირის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მესამე პირს გადასცა
Sputnik

თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი სამსახურებრივი ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემის გამო სამსახურიდან დაითხოვეს, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

უწყების მონაცემებით, გენინსპექციამ შეისწავლა მათი ქმედებები და დაადგინა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობის მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია.

ამის შემდეგ პოლიციის თანამშრომელმა მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია გადასცა ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით ერთ-ერთ ტელეკომპანიას მიაწოდა.

რა სახის ინფორმაციაზეა საუბარი და რომელ ტელეარხს გადაეცა ის, შსს არ აკონკრეტებს.