ეროვნული ბიბლიოთეკა ესეების ონლაინ-კონკურსს ჩაატარებს

კონკურსში, რომელიც მოსწავლეთა შორის კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებ IX–XI კლასების მოსწავლეებს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ლიტერატურული კონკურსი „წიგნიერი 2021" წელს ონლაინ–რეჟიმში ჩატარდება, ნათქვამია ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი: დავით წერედიანის თარგმანები საქართველოს კულტურის ისტორიას დარჩება

კონკურსში, რომელიც მოსწავლეთა შორის კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად, მონაწილეობის მიღება შეუძლიათ როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში მცხოვრებ IX, X და XI კლასების მოსწავლეებს.

პროექტი წელს მეშვიდედ ჩატარდება. კონკურსი ელექტრონული წიგნების სახლ „საბას" და „თიბისი ბანკის" მხარდაჭერით იმართება.

მონაწილეებს კონკურსის დღეს ჟიურის მიერ შერჩეული სამი ცნობილი ნაწარმოების მიხედვით ესეს დაწერა დაევალებათ. ესენია: სომერსეტ მოემის „მთვარე და ექვსპენიანი", ჰერმან ჰესეს „ტრამალის მგელი" და გურამ რჩეულიშვილის „ალავერდობა".

კონკურსის მონაწილეებმა ეს ნაწარმოებები წინასწარ უნდა წაიკითხონ. ესეს სათაური კონკურსანტებისთვის უშუალოდ წერის დღეს გახდება ცნობილი. კონკურსანტებმა ესე კონკურსის Facebook-გვერდზე თემის სათაურის გამოცხადებიდან 5 საათში უნდა დაწერონ. დასრულებული ესე უნდა გაიგზავნოს ელექტრონულ მისამართზე tsignieri2021@gmail.com.

კონკურსის სპონსორები და ორგანიზატორები სამ გამარჯვებულს დააჯილდოებენ. კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველებმა 2021 წლის 1 აპრილამდე სარეგისტრაციო ფორმა უნდა შეავსონ. კონკურსი აპრილის დასაწყისში გაიმართება.