აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამა 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდა

ფერმერებისთვის დიზელის საწვავის მიწოდება შეღავათიან ფასებში საქართველოს მთავრობის სოფლის დახმარების პროგრამის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. დიზელის საწვავით ქართველი ფერმერების დახმარების სახელმწიფო პროგრამა „აგროდიზელი“ 2021 წლის ბოლომდე გაგრძელდება, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამას აქტიურად იყენებენ

ფერმერები დიზელის საწვავის შეძენას წელსაც შეღავათიან ფასებში შეძლებენ. შესაბამისი მემორანდუმი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და კომპანია SOCAR Georgia Petroleum-ს შორის უკვე გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და SOCAR Georgia Petroleum-ის დირექტორმა ლევან გიორგაძემ.

პროგრამაში რეგისტრაცია 1 თებერვალს დაიწყება, ხოლო ფასდაკლების ბარათების გააქტიურება 7 თებერვლიდან ეტაპობრივად მოხდება. პროგრამის ფარგლებში ფასდაკლების ბარათების მიღება შესაძლებელი იქნება როგორც დისტანციურად, ისე სოფლის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში.

„2020 წელს SOCAR Georgia Petroleum-თან თანამშრომლობით წარმატებული პროგრამა „აგროდიზელი“ განხორციელდა, რომლითაც 125 ათასმა ფერმერმა ისარგებლა“, – განაცხადა დავითაშვილმა.

მინისტრის თქმით, სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ავტოგასამართ სადგურებზე ფერმერების რეგისტრაციისთვის სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შეიმუშავა. 

დავითაშვილი: ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის გამო სურსათი არ გაძვირდება

დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად მიღებას კვლავინდებურად შეძლებენ ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც არანაკლებ 0,25 ჰექტარ სასოფლო–სამეურნეო მიწის ნაკვეთს ფლობენ.

პროგრამა ითვალისწინებს 1 ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე – არაუმეტეს 15 ათასი ლიტრი საწვავის ფასდაკლების ბარათების გაცემას.

„აგროდიზელის“ პროგრამით მოსარგებლე ფერმერები SOCAR Georgia Petrolium-ის საბითუმო ბაზებიდან დიზელის 0,2 ლარით, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან სპეციალური ბარათების საშუალებით 0,16 ლარით იაფად შეძენას შეძლებენ.

ფასდაკლების ბარათების განაღდება შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით მოქმედ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ 89 ბენზინგასამართ სადგურზე, ასევე მის საბითუმო ბაზებზე თბილისსა და სამტრედიაში.