„მოთმინება გვმართებს“ – თურნავამ რესტორატორებს უპასუხა

ხელისუფლება ინტენსიურ კონსულტაციებს მართავს ბიზნეს-სექტორთან და იცის, რა მძიმე პრობლემებს წააწყდნენ ისინი, განაცხადა მინისტრმა.
Sputnik

თბილისი, 29 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა აცნობიერებს სარესტორნო ბიზნესის უმძიმეს მდგომარეობას, მაგრამ მისი გახსნა მთლიანად ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზეა დამოკიდებული, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბრიფინგზე.

რესტორნებიდან გატანის სერვისს ვწყვეტთ: რას გეგმავს რესტორატორთა ასოციაცია>>

საქართველოში 30 იანვარს 100-ზე მეტი რესტორანი 24 საათით შეაჩერებს მიწოდების სერვისს და მთავრობის სახლთან საპროტესტო აქციას შეუერთდება. რესტორატორების თქმით, ბიზნესი ზარალშია და ძლივს სულდგმულობს, ამიტომ ისინი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ დართონ ნება უახლოეს პერიოდში ნორმალურ რეჟიმში გააგრძელონ მუშაობა.

„კიდევ ცოტა მოთმინება გვმართებს, და მესმის მათი პროტესტის, მესმის, რომ მათი პროტესტი – ეს არ არის რაღაცა პოლიტიზებული აქტი, არამედ მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტია. მე ამის დიდი იმედი მაქვს და რწმენა, რომ ეს ასეც იქნება და მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი მოგვცემს ამის საშუალებას ეპიდემიოლოგიური ვითარება, გავხსნათ ღია სივრცეები რესტორნებშიც“, – განაცხადა თურნავამ.

მინისტრის თქმით, ამ მხრივ აჭარა კარგი მაგალითია და ეს სხვა რეგიონებზეც გავრცელდება.

თურნავამ აღნიშნა, რომ ხელისუფლება აქტიურ კონსულტაციებს მართავს ბიზნეს-სექტორთან და მათ იციან, თუ რა მძიმე პრობლემებს შეეჯახა ბიზნესი. და, მაინც, რესტორნებისა და ბარების სტუმრების ინფიცირების დიდი რისკიდან გამომდინარე, ხელისუფლებას არ სურს ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღება.

სრული კრახის ზღვარზე – ქართველი რესტორატორები განგაშს ტეხენ

„ჩვენ ვმუშაობთ მათთან, ავუხსენით, რატომ ვერიდებით კონკრეტული თარიღის დასახელებას, შეიძლება ეს თარიღი უფრო ოპტიმისტური იყოს, ვიდრე ჩვენ ახლა გვაქვს მოლოდინი, მაგრამ, რაც მთავარია, მათ გაიგეს ჩვენი ლოგიკა, რომ ყოველკვირეულად ხდება გადახედვა ე.წ. დადებითობის მაჩვენებლის. დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ“, – აღნიშნა თურნავამ.

უფრო ადრე ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თუ ინფიცირების მაჩვენებელი ქვეყანაში 4 პროცენტს ჩამოსცდება, საუბარი უკვე შეიძლება ტრანსპორტისა და ეკონომიკის დარგების რაც შეიძლება სწრაფად გახსნაზე.

ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ ნორმალურ ცხოვრებასთან და პანდემიამდე არსებულ სიტუაციამდე დასაბრუნებლად ერთი დღე საკმარისი არაა. სწორედ ამიტომ იქნა მიღებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის გადაწყვეტილება.

რესტორატორთა ასოციაცია: მიყენებული ზარალის გამო რესტორნების უმეტესობა დაიკეტება>>

ამჟამად საქართველოში ყველა კაფე და რესტორანი მხოლოდ მიწოდებაზე მუშაობს. მთავრობის გადაწყვეტილებით, კვების ობიექტები მხოლოდ აჭარაში ამუშავდება. ამასთან, რესტორნების თანამშრომლებმა ტესტირება ორ კვირაში ერთხელ უნდა გაიარონ. რესტორნებისა და კაფეების მხოლოდ ერთ რეგიონში გახსნის გადაწყვეტილებამ სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენელთა უკმაყოფილება გამოიწვია.