ვირუსმა Nipah-მა შესაძლოა ახალი პანდემია გამოიწვიოს: ჯანმო გაფრთხილებას ავრცელებს

ვირუსის წინააღმდეგ, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება და მაღალი ლეტალობით გამოირჩევა, წამალი ჯერჯერობით შექმნილი არ არის.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. მალაიზიაში აღმოჩენილმა ვირუსმა შეიძლება ახალი პანდემია გამოიწვიოს მსოფლიოში, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, წერს გამოცემა The Guardian.

იღუპებიან მხოლოდ ახალგაზრდები: გამოჩნდა კიდევ ერთი უცნობი დაავადება

საუბარია ვირუსზე Nipah (იგივე NiV – Nipah virus infection), რომელიც ჯერ კიდევ 1999 წელსაა აღმოჩენილი.

ჯანმოს ინფორმაციით, ვირუსი NiV-ით გამოწვეულმა სიკვდილიანობამ, რომელიც ძალიან სწრაფად ვრცელდება, შესაძლოა 40-75%-ს მიაღწიოს. დაავადება შეიძლება მიმდინარეობდეს როგორც უსიმპტომოდ, ისე სასიკვდილო ენცეფალიტის განვითარებით. წამალი მის წინააღმდეგ არ არსებობს.

ვირუსი Nipah მდინარე ნიპაჰის მიმდებარედ მცხოვრებ მეღორე–ფერმერებს შორის აღმოაჩინეს, საიდანაც მიიღო ვირუსმა სახელწოდება. ველურ ბუნებაში ვირუსის მატარებლები არიან მფრინავი მელიები (მსოფლიოში უდიდესი ხელფრთიანების გვარი ხილიჭამიათა ქვერიგისა), რომლებიც ფართოდ არიან გავრცელებული სამხრეთ ჩინეთის, სამხრეთ–აღმოსავლეთ აზიის, ახალი გვინეისა და ავსტრალიის ტერიტორიებზე. გარდა ამისა, ვირუსი გამოუვლინდა აფრიკაში მობინადრე მფრინავ მელიებსაც. აღსანიშნავია, რომ თავად ცხოველები ვირუსის გამო არ ავადობენ.

„ბოცვრების ებოლა“: ემუქრება თუ არა ადამიანებს კორონავირუსზე უფრო საშიში ინფექცია

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ადამიანი დაავადებულ ღორთან კონტაქტის ან მფრინავი მელიების მიერ დაბინძურებული ხილის, ძირითადად, ფინიკის მიღების შედეგად ინფიცირდება.

ჯანმომ NiV-ის პროფილაქტიკის მიზნით გასცა რეკომენდაცია, შეიზღუდოს ფინიკის პალმებსა და კვების სხვა პროდუქტებზე მფრინავი მელიების წვდომა, ხილი მიღებამდე კარგად გაირეცხოს და გაიფცქვნას, ხოლო წვენი აუცილებლად გადადუღდეს.

რაც შეეხება ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების პროფილაქტიკას, ჯანმოს რეკომენდაციები ისეთივეა, როგორიც სხვა ვირუსების შემთხვევაში: NiV-ით ინფიცირებულებთან ფიზიკური კონტაქტისგან თავის არიდება, ხელების რეგულარული დაბანა და ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება.