აშშ-ში ტერორისტული საფრთხე გამოცხადდა: შიდა უსაფრთხოების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

აშშ-ში ექსტრემისტული საფრთხეები 2020 წლიდან ძლიერდება მათი მხრიდან, ვინც კოვიდ-შეზღუდვებით, პოლიციის სისასტიკითა თუ პრეზიდენტის შეცვლით არის უკმაყოფილო.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. ამ დროისათვის ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს ტერორიზმის საფრთხის მაღალი დონე, რომელიც რამდენიმე კვირის განმავლობაში იქნება შენარჩუნებული, ნათქვამია ქვეყნის შიდა უსაფრთხოების სამინისტროს (DHS) საიტზე გამოქვეყნებულ ბიულეტენში.

სენატმა ტრამპის იმპიჩმენტის საკითხის განხილვა გადადო

სამინისტრო საუბრობს ექსტრემისტთა მხრიდან პოტენციურ საფრთხეზე, რომლებიც ნეგატიურად აფასებენ ქვეყნის ლიდერის შეცვლას და ჯოზეფ ბაიდენის პრეზიდენტობას.

ამასთან უწყებაში აღნიშნავენ, რომ რაიმე კონკრეტული ინფორმაცია, რომელიც დაგეგმილ შეთქმულებაზე მიანიშნებს, მათ არ გააჩნიათ.  

„DHS არ ფლობს რაიმე ინფორმაციას კონკრეტული სავარაუდო შეთქმულების თაობაზე. თუმცა ბოლო დღეებში გრძელდება ძალადობრივი არეულობა და ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმით, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელების მოწინააღმდეგე და პრეზიდენტის შეცვლით უკმაყოფილო ადამიანებმა... შეიძლება მობილიზაცია განაგრძონ ძალადობის წაქეზების ან ჩადენისთვის“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყებაში განმარტავენ, რომ ქვეყნის შიგნით 2020 წლიდან ძლიერდება ექსტრემისტული საფრთხეები, რომლებიც კოვიდ–შეზღუდვებით, დონალდ ტრამპის არჩევნებში დამარცხებით, პოლიციის სისასტიკითა და არალეგალური იმიგრაციით არის მოტივირებული.