სპორტსმენებმა და ფიტნეს-კლუბების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს – ვიდეო

ფიტნეს-კლუბების წარმომადგენლებმა და სპორტსმენებმა საპროტესტო აქცია გამართეს რუსთაველის გამზირზე, შემდეგ კი მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.
Sputnik

აქციის მონაწილეებმა მთავრობისგან სპორტული დარბაზების, ფიტნეს-კლუბებისა და სხვა სპორტული ობიექტების გახსნა მოითხოვეს. მათი თქმით, ბოლო თვეების განმავლობაში ქართველმა სპორტსმენებმა ფორმა ვერ შეინარჩუნეს და აღდგენისთვის დიდი დრო დასჭირდებათ. დემონსტრანტებმა ქვეყანაში მოქმედ აკრძალვებს სულელური და უსარგებლო უწოდეს.

სპორტული სექტორის წარმომადგენლების პროტესტს შეუერთდნენ სამოქალაქო ატივისტებიც და მხარი დაუჭირეს გამოთქმულ მოთხოვნებს. 

საქართველოს დიდ ქალაქებში 28 ნოემბრიდან დაიხურა სპორტული დარბაზები, კაფეები, ბარები, რესტორნები, სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები. არ მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სკოლის მოსწავლეები კი გაკვეთილებს ინტერნეტის საშუალებით ესწრებიან.

1 თებერვლიდან საქართველოს დიდ ქალაქებში გაიხსნება სავაჭრო ცენტრები, ხოლო 15 თებერვლიდან – ბაზრები. თუმცა თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში ძალაში რჩება ყველა სხვა შეზღუდვა, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტიც აკრძალვის ქვეშ რჩება.

ეს გადაწყვეტილება გადაიხედება იმ შემთხვევაში, თუ ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი 4%-მდე დაეცემა და შენარჩუნდება ერთი კვირის განმავლობაში.