საქართველოში უმუშევრობის კომპენსაცია 106 ათასმა ადამიანმა მიიღო

უმუშევრობის კომპენსაციას იღებს ის, ვინც 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში სამსახური და შემოსავალი დაკარგა
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. საქართველოში დაიწყო კომპენსაციების ჩარიცხვა იმ პირთათვის, ვინც კორონავირუსის მეორე ტალღის დროს დაწესებული შეზღუდვების გამო სამსახური დაკარგა, ნათქვამია დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს განცხადებაში.

საქართველოში კომპენსაციის მიმღებ პირთა მონაცემების წარდგენის ვადა იწურება

200-ლარიანი კომპენსაციის მიღების უფლება აქვს ოფიციალურად დასაქმებულ ან დეკრეტში მყოფ მოქალაქეებს, თუ ისინი 2020 წელს მინიმუმ ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ და იღებდნენ ხელფასს, რომელიც დამსაქმებლის საგადასახადო დეკლარაციით დასტურდება, ხოლო 2020 წლის ნოემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე პერიოდში შეზღუდვების მოქმედების დროს ერთი ან მეტი თვის განმავლობაში ოფიციალური შემოსავლის გარეშე დარჩნენ.

სააგენტოს მონაცემებით, 28 იანვრისთვის კომპენსაცია ჩაერიცხა შემოსავლის გარეშე დარჩენილ 106 080 მოქალაქეს. სახელმწიფო დახმარების მისაღებად სულ რეგისტრირებულია 161 289 პირი.

მათ თანხა ექვსი თვის განმავლობაში ჩაერიცხებათ. კომპენსაციის გაცემა შეწყდება, თუ 2021 წლის მარტის შემდეგ მიმღების ანგარიშზე ხელფასის სახით მინიმუმ 10 ლარი ჩაირიცხება.

ეს პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეთა დახმარების გაცემის მეორე ეტაპია. პირველ ეტაპზე უმუშევრობის დახმარება 117,8 ათასმა მოქალაქემ მიიღო.