პრემიერმა ფინანსთა მინისტრს სახელმწიფო საწარმოების რეფორმირება დაავალა

აღნიშნული პროექტის განხორციელება გლობალური ეკონომიკური კრიზისის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, დასძინა გახარიამ.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. სახელმწიფო საწარმოების მართვის რეფორმირებისთვის სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი უხელმძღვანელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

სახელმწიფო საწარმოების რეფორმირების განხორციელება 2021-2024 წლების განმავლობაში იგეგმება.

„ჩვენ ამ გადაწყვეტილების განხორციელებას „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემით“ ვიწყებთ. დღეს ვიმსჯელებთ, თუ როგორ უნდა იყოს დაკომპლექტებული ამ ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭო. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ შევინარჩუნოთ უმაღლესი სტანდარტები“, – განაცხადა გახარიამ. 
ევროპის საინვესტიციო ბანკი მცირე და საშუალო ქართული საწარმოებისთვის 10 მლნ ევროს გამოყოფს

პრემიერის თქმით, სახელმწიფოს ექნება კონკრეტული გეგმა, რომლითაც სახელმწიფო საწარმოების მართვა კორპორატიული მართვის უმაღლეს სტანდარტებს მაქსიმალურად უნდა დაუახლოვდეს. 

სახელმწიფო საწარმოების რეფორმაზე მუშაობა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ 2020 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყო.

2019 წლის მონაცემებით, სახელმწიფო საკუთრებაშია 352 საწარმო, საიდანაც 173 ადგილობრივი ხელისუფლების, ხოლო 179 ცენტრალური ხელისუფლების მფლობელობაშია. სახელმწიფოს ბალანსზე არსებული საწარმოებიდან ყველაზე მეტი – 134 საწარმო ეკონომიკის სამინისტროს მართვაშია, მეორე ადგილზე „საპარტნიორო ფონდია“ (28 საწარმო), 5 საწარმოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო მართავს.