პარლამენტის შენობის წინ სადეპუტატო მანდატები ჰაერში „ააფრინეს"

საკანონმდებლო ორგანოს წინ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების საპროტესტო აქცია პარლამენტის სხდომის პარალელურად ტარდება.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ახალგაზრდული ფრთის აქტივისტებმა საქართველოს პარლამენტის შენობის წინ აქცია–პერფორმანსი გამართეს – სადეპუტატო „მანდატები“ ბუშტებს მიამაგრეს და ცაში გაუშვეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი ადგილიდან. 

ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას გაუზრდიან

აქცია პარლამენტის სხდომის პარალელურად ტარდება. დღესვე საპროცედურო საკითხების კომიტეტში კანონმდებლები იმ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს იხილავენ, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე.

აქციის მონაწილეებმა 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგები კიდევ ერთხელ გააპროტესტეს.

არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს პარლამენტის საქმიანობას და რიგგარეშე არჩევნების ჩატარება მოითხოვეს. აღნიშნულ მოთხოვნას კატეგორიულად არ ეთანხმება მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და ოპონენტებს „ხალხის ნების აღსრულებისა“ და პარლამენტში შესვლისკენ მოუწოდებს.

„ბრძოლას იმ დრომდე გავაგრძელებთ, ვიდრე ქართველი ხალხის ნება არ აღსრულდება და არ მივაღწევთ იმას, რაც საქართველოს მოსახლეობას სურს“, – განაცხადა ჟურნალისტებთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

პარლამენტი ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების ჩამორთმევის პროცედურას იწყებს

აქციის ორგანიზატორების თქმით, ისინი ასევე შეუერთდებიან კოვიდ-შეზღუდვების გაუქმების მოთხოვნით გამართულ აქციებს.

დღევანდელი მდგომარეობით, საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციისთვის განსაზღვრული 60 ადგილიდან დაკავებულია მხოლოდ ოთხი. მიუხედავად პარტიის ბოიკოტისა, იანვრის დასაწყისში პარლამენტში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით გასულმა ოთხმა დეპუტატმა საკანონმდებლო ორგანოში შესვლა გადაწყვიტა.

გასულ კვირაში პარტია „მოქალაქეების“ წევრებმაც განაცხადეს პარლამენტში შესვლისა და კუთვნილი ორი ადგილის დაკავების გადაწყვეტილების შესახებ.

პარტია „გირჩის“ კიდევ სამი წევრი აცხადებს, რომ როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან დიალოგის გაგრძელებას ცდილობენ, თუმცა, პარლამენტში შესვლას ჯერჯერობით არ გეგმავენ. დანარჩენი ოპოზიციონერი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში რჩებიან.