პარლამენტში შესულ ოპოზიციას უფლებამოსილება გაეზარდა

პოლიტიკური კრიზისის ფონზე პარლამენტში ოპოზიცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს მაქსიმუმ ცხრა დეპუტატით, რაც ზუსტად ცნობილი ჯერ კიდევ არ არის და დამოკიდებულია პარლამენტში შესვლის შესახებ „მოქალაქეებისა“ და „გირჩის“ საბოლოო გადაწყვეტილებაზე.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი – Sputnik. ის ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებმაც პარლამენტში შესვლა გადაწყვიტეს, გაფართოებულ უფლებამოსილებას მიიღებენ – რიგგარეშე სხდომაზე რეგლამენტში შესაბამისი შესწორებები დაამტკიცეს.

შესწორებებს მესამე მოსმენით მხარი 78-მა დეპუტატმა ერთხმად დაუჭირა.

ცვლილებების თანახმად, უფრაქციო ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლება ეძლევათ დაიკავონ პარლამენტის თავმჯდომარისა და კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობები, ხოლო კანონპროექტების განხილვების ან დებატების დროს ისარგებლონ დამატებითი 15 წუთით. 

პარლამენტის კომიტეტმა დააკმაყოფილა 49 ოპოზიციონერის მოთხოვნა მანდატების გაუქმების შესახებ

ახლა პარლამენტში 60 ოპოზიციონერი დეპუტატიდან მხოლოდ ოთხია წარმოდგენილი, რომლებიც საკანონმდებლო ორგანოში პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მოხვდნენ. შესაძლოა ახლო მომავალში დეპუტატის სავარძელი ოპოზიციური პარტიების – „მოქალაქეების“ ორმა და „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ სამმა წარმომადგენელმა დაიკავოს.

2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, ოპოზიციამ 60, მმართველმა პარტია „ქართულმა ოცნებამ“ კი 90 მანდატი მიიღო. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და პროტესტის ნიშნად პარლამენტში შესულმა „ნაცმოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“, „ლეიბორისტული პარტიის“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრებმა სადეპუტატო მანდატებზე უარი განაცხადეს.

ექვსიდან ხუთმა ოპოზიციურმა პარტიამ პარტიული სიები კანონის მოთხოვნების შესაბამისად გააუქმა, რათა არ მომხდარიყო როტაცია.

ერთადერთი, ვინც ასე არ მოიქცა, პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ გახდა, რამაც პარტიულ სიაში წარმოდგენილ მომდევნო ოთხ სუბიექტს პარლამენტში შესვლის შესაძლებლობა მისცა. მათ საკანონმდებლო ორგანოში „პატრიოტების“ ადგილი დაიკავეს და საკუთარი პარტია „ევროპელი სოციალისტები“ შექმნეს.