თუ კორონავირუსი გადაიტანეთ: ექიმები ასახელებენ „ღრმა შეცდომას“, რომელსაც ხშირად ვაწყდებით

ექიმები კორონავირუს-გადატანილ პაციენტებს „ღრმა“ შეცდომაზე მიუთითებენ და აუცილებლად გასათვალისწინებელ რეკომენდაციებს აძლევენ.
Sputnik

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. პაციენტებმა, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, არ უნდა იჩქარონ ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა და ასევე ვაქცინაციის ჩატარება, აცხადებენ ექიმები.

იმუნოლოგი ილია კუკინი სერიოზულ შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ზოგი დაავადება-გადატანილი ყველა ღონეს ხმარობს, რომ სწრაფად დაუბრუნდეს ავადმყოფობამდელ ფიზიკურ მდგომარეობას.

„ეს უკიდურესად საშიშია და მიუღებელი. ვირუსის შემდეგ თქვენი იმუნიტეტი ჯერ კიდევ სუსტია, თქვენი ორგანიზმი ჯერ კიდევ არ არის იმ მდგომარეობაში, რომ ასეთ დატვირთვებს გაუძლოს. <...> ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა შეცდომა“, — აღნიშნა ექიმმა.

ამასთან სპეციალისტი აზუსტებს, რომ ფიზიკურმა გადატვირთვამ შეიძლება პოსტკოვიდური გართულებები და ხელახალი დაავადებაც კი გამოიწვიოს.

COVID-19-თ დაავადებულები ხშირად უნდა იწვნენ მუცელზე – ექიმი გირჩევთ

ექიმის თქმით, COVID-19-ის დროს ჯანმრთელი უჯრედები ენერგიის მომატებულ რაოდენობას ხარჯავენ, ამიტომ აუცილებელია, რომ ორგანიზმს აღსადგენად დრო მივცეთ.

ინფექციოლოგი ნიკოლაი მალიშევი კი აცხადებს, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარება კორონავირუსული ინფექციისგან გამოჯანმრთელებისთანავე საჭირო არ არის.

სპეციალისტის აზრით, ამ კატეგორიის ადამიანებს ვაქცინაცია დაავადებიდან 6-9 თვის შემდეგ უნდა ჩაუტარდეთ.

სამეცნიერო კვლევების თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ გამოჯანმრთელების შემდეგ ანტისხეულების დონე ორგანიზმში თანდათან იკლებს, ეს სულაც არ ნიშნავს უჯრედული იმუნიტეტის ან უჯრედული მეხსიერების სრულ დაკარგვას. ამ პერიოდში ხელახალი ინფიცირება საკმაოდ იშვიათია.

ამასთან ექიმები კორონავირუს-გადატანილებს ურჩევენ, რაციონში დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტები შეიტანონ, რომლებიც გვხვდება, მაგალითად, მწვანე ჩაიში ან ციტრუსებში.