თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. იაპონიაში ავარიის შედეგად დაზიანებული ატომური ელექტროსადგურის „ფუკუშიმა-1“-ის სამი ენერგობლოკის ზედა ნაწილებში უკიდურესად მაღალი რადიაქტიური უბნები აღმოაჩინეს, იუწყება სააგენტო Kyodo ქვეყნის ატომური ენერგეტიკის კონტროლის სახელმწიფო კომიტეტზე დაყრდნობით.
აღინიშნება, რომ 2011 წლის ავარიის შედეგად გამოფრქვეული ცეზიუმის იზოტოპების დაახლოებით მესამედი ენერგობლოკების ზედა ნაწილში დაგროვდა.
სამი რკინის გუმბათის მიდამოში, რომლებიც დაზიანებული რეაქტორების კორპუსებს ფარავს, რადიაქტიურობის დონე საათში რამდენიმე ზივერტის ტოლია. ადამიანი ასეთი დოზის მიღების შემთხვევაში იღუპება.
ბოლო შეფასებებით, ბირთვული ელექტროსადგურის დემონტაჟს მინიმუმ 40 წელი სჭირდება, მაგრამ ამ ზონებში რადიაქტივობის არსებობამ შეიძლება სადგურის დემონტაჟი მნიშვნელოვნად შეანელოს.
ატომურ ელექტროსადგურ „ფუკუშიმა-1“-ზე ავარია 2011 წლის მარტში მოხდა, როდესაც ცუნამის ტალღის დარტყმის შედეგად სადგურზე ელექტრომომარაგებისა და გაგრილების სისტემები მწყობრიდან გამოვიდა. შედეგად – სამ რეაქტორში ბირთვულმა საწვავმა გაჟონა, რამაც მათი დამცავი კორპუსი დაწვა. ამას თან ახლდა წყალბადის აფეთქებები და დიდი რაოდენობით რადიაქტიური ნივთიერებების გამოყოფა, რამაც სადგურის მიმდებარე რაიონების დაბინძურება გამოიწვია.